„იუვენტუსმა” ლეონარდო ბონუჩი გაუშვა. ახლა ვეტერანი ახალ გუნდს ეძებს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი აყვანა „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ… მოდი ჯერ თავად ვეტერანზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა.
ბონუჩი მსოფლიოში გასული ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. „იუვეში” მან, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ შეუვალი დაცვა შექმნეს. მათ მიერ აღმართული კედლის გარღვევა ნებისმიერ მეტოქეს უჭირდა. იმაში, რომ „ბებერმა ქალბატონმა” სკუდეტო ცხრაჯერ მოიპოვა, ბონუჩიმ დიდი როლი ითამაშა. მისი წვლილი დიდი იყო იმაშიც, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა. ბევრი მიმომხილველის აზრით ბონუჩი-ბარძალი-კიელინის ტრიო მსოფლიოში ყველას სჯობდა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ.
კიელინი გამჭრიახი და უკომპრომისო გახლდათ, რის გამოც მეტიქეებს მისი ჩამოტოვება უჭირდათ. ბარძალი ოლიმპიური სიმშვიდით გამოირჩეოდა. მას ურთულეს სიტუაციებშიც კი შეეძლო დაცვის ხელმძღვანელობა, ხოლო ბონუჩ „დაცვის გამთამაშებლად” ითვლებოდა. ის კარგად აკონტროლებდა ბურთს.
ბონუჩიმ სანაკრებო ფეხბურთშიც მიაღწია დიდ წარმატებას. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან „სკუადრა აძურას” ტრიუმფში დიდი როლი ითამაშა, სანაკრებო კარიერის მწვრვალი კი „უემბლიზე”, ფინალში, ინგლისის ნაკრებთან ანგარიშის გათანაბრება გახლდათ.
2017 წელს ბონუჩის მასიმილიანო ალეგრისთან მოუვიდა უთანხმოება და შვიდწლიანი ერთგულების შემდეგ „ბიანკონერის” ერთი სეზონით გამოეთხოვა — „მილანში” გადავიდა. ეს სეზონი მცველისთვის მაინცდამაინც წარმატებული არ ყოფილა. „მილანიდან” ის ისევ ტურინში დაბრუნდა.
როდესაც ბონუჩი „იუვენტუსში” დაბრუნდა, ალეგრი გუნდს აღარ ედგა სათავეში და ფეხბურთელმა კვლავ დაცვის ცენტრში დაიბევა ადგილი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ „იუვეს” ისევ ლივორნოელი მწვრთნელი არ ჩაუდგა სათავეში. მას მერე ბონუჩი ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე, ორიოდ კვირის წინ კი სულაც გამოუცხადეს, რომ კლუბიდან უშვებენ.
სად წავა 36 წლის ცენტრალური მცველი? იტალიაში სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ, მაგრამ გუშინდელმა „კორიერე დელო სპორტმა” ფრიად საინტერესო და მოულოდნელი რამ დაწერა: ბონუჩის გადაბირებას აურელიო დე ლაურენტისი შეეცდება, ოღონდ… მას ვეტერანი „ნაპოლისთვის” კი არა, „ბარისთვის” უნდა, რომლის პატრონიც თავადვეა, თუმც პრეზიდენტად ვაჟი ლუიჯი ჰყავს გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ ბონუჩი „ბარიში” 2009-10 წლების სეზონში თამაშობდა. დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ მისი დახმარებით „ბარი” სერია A-ში დაბრუნდება.