No description available.ზაქარია ბეგლარიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს, სადაც მისი დებიუტი უკვე შედგა წყალტუბოს „სამგურალთან“ საქართველოს თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში.

33 წლის ბეგლარიშვილმა კარიერა 2007-2008 წლებში „თბილისში“ დაიწყო, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი ესტონეთში გაატარა, სადაც „ფლორასა“ და „ლევადიაში“ თამაშობდა და რამდენჯერმე გახდა ესტონეთის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი.

ესტონეთის გარდა ბეგლარიშვილმა უნგრეთისა („ჰონვედი“) და ფინეთის („სეინაიოკი“ და „კოტეპე“) ჩემპიონატებშიც მოსინჯა ძალები, ბოლოს კი უზბეკეთის „ტურონში“ გამოდიოდა.

ბეგლარიშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებში უთამაშია. 2015 წელ კახა ცხადაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა და 11 ნოემბერს ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში ათამაშა.

ამის შემდეგ ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრებში სურდა თამაში, გარკვეული ეტაპებიც გაიარა, ესტონური პასპორტიც მიიღო, მაგრამ საბოლოოდ, ფიფა-მ ესტონეთის სახელით თამაშის უფლება არ მისცა.