ბოლო ცნობა „ნაპოლის” ბანაკიდან ის არის, რომ გუშინ ერთმანეთს პიოტრ ჟელინსკის აგენტი ბარტომეი ბოლეკი და კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ. ეს ინფორმაცია დაინტერესებულ საზოგადოებას „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ შეატყობინა.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი ნახევარმცველისა და „აძურის” თანამშრომლობას ვადა ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 30 ივნისს გაუდის. შესაბამისად, კლუბმა ფეხბურთელს ახლავე უნდა გაუხანგრძლივოს ხელშეკრულება, თორემ მისი ვადის ამოწურვის შემდეგ ჟელინსკი თავისუფალი აგენტი გახდება, რომლის გაყიდვაც შეუძლებელია.

დი მარციო დაბეჯიბეთ აცხადებს, რომ მხარეების გუშინდელი შეხვედრა იმედისმომცემი გამოდგა. როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელს სურს „მარადონაზე” დარჩენა და ამიტომაც უთხრა უარი საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლის”, რომელიც გაცილებით მეტ ხელფასს სთავაზობდა. ის გუნდთან ერთად დიმაროში სეზონისწინა შეკრებაზეა და ორშაბათს „სპალთან” ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ჟელინსკის შეძენით დაინტერესებული იყო „ლაციოც”, რომელმაც სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი გაყიდა და პოლონელი მის შემცვლელად ეგულებოდა.

ჟელინსკი 29 წლის არის. ის 2016 წლის შემდეგ „ნაპოლიში” თამაშობს და ამ გუნდის მაისურით 253 შეხვედრაში 34 გოლი აქვს გატანილი.