„ნაპოლიმ” დიმაროში „ანაუნე ვალ დი ნონთან” ახალი სეზონის პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 6:1 მოიგო. გულშემატკივარმა „აძური” ისე მიიღო, გეგონება სკუდეტო იმ წუთის მოგებული ჰქონდა. „ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: კონტინი, ძანოლი, ჟესუსი, ფოლორუნშო, მარიო რუი, სპავონე, დემე, ვერგარა, ძერბინი, ამბროსინო და პოლიტანო. ორი დღის წინ დაბრუნებულ ლეგიონერებს, მათ შორის ვიქტორ ოსიმენს და ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

პირველი ტაიმი პოლიტანოს და ვერგარას გოლებით 2:0 დასრულდა. შესვენებისას ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ თითქმის მთელი გუნდი შეცვალა. იმ ფეხბურთელთა გვარების ჩამოთვლას, ვინც მეორე ტაიმში გაიტანა გოლები არ შევუდგებით, რადგან ჩვენს მკითხველს ამ ეტაპზე არაფერს ეტყვის.

„დღეს ბედნიერი დღე მქონდა, რადგან მოედანზე კი არა, „ნაპოლის” ტელევიზორში რომ ვხედავ, გული საგულედან მივარდება. რამდენიმე წლის წინ ტატუც გავიკეთე და თუ კიდევ მოვიგებთ სკუდეტოს, ერთსაც დავიხატავ”, — თქვა „ანაუნეს” მწვრთნელმა ჩიპრიანო მორანომ.

„ნაპოლის” თავკაცი რუდი გარსია: „ბიჭებს ერთად შეკრება გაუხარდათ. ახლა ისინი მკერდზე სკუდეტოს სიმბოლოთი თამაშობენ. ჩვენი ფეხბურთელები მაისურზე ამ იტალიის დროშას იმსახურებენ, მაგრამ ეს დროშა დამატებით პასუხისმგებლობასაც ნიშნავს.

ოსიმენი? მას ჩვენთან დარჩენა სურს. ჩვენც გვინდა, რომ ის არსად წავიდეს. მთავარია, რომ ის „ნაპოლიში” თავს ბედნიერად გრძნობს”.