Garcia: Napoli play to win.  We made a great purchase.  Osimhen arrives tomorrow.  The violin...„ნაპოლი” მესამე დღეა რაც დიმაროში ვარჯიშობს. თავიდან ჩასულებს ჯოვანი სიმეონე და მეკარე პიერლუიჯი გოლინი შეემატნენ, გუშინ საღამოს კი მწვრთნელი რუდი გარსია, მცველი ჟუან ჟესუსი და გოლინი გულშემატკივრებს შეხვდნენ. გთავაზობთ მათ პასუხებს კითხვების გარეშე და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს „კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

რუდი გარსია: „როდესაც ახალ საქმეს იწყებ, ყოველთვის გამარჯვებას აპირებ. ჩემი მიზანიც ეს არის…

…ნეაპოლში ივნისის შუაში ჩავედი. ქალაქი ლურჯი დამხვდა: დროშები, ბანერები… ხალხი სკუდეტოს ზეიმობდა. მე ეს ძალიან მომეწონა. ის, რასაც ნეაპოლში ვხედავ, ვნებაზე მეტია. ეს რელიგიაა.”

ჟუან ჟესუსი: „ჯერ კიდევ ვერ გაგვიცნობიერებია, თუ რა გავაკეთეთ. ბევრს არც სჯეროდა, რომ ამას შევძლებდით. მეექვსე ადგილზე ლაპარაკობდნენ, ჩვენ კი სკუდეტო მოვიპოვეთ”.

პიერლუიჯი გოლინი: „დღეს „ნაპოლიში” მეკარეებისთვის საუკეთესო პერიოდია, რადგან მთელი ზეწოლა თავდამსხმელებზე მოდის. გუნდს ვერ გადაარჩენ დიდი უბედურება არ არის, ხოლო თუ გადაარჩენ — გმირი ხარ”.

გარსია: „როგორც მზარეულმა იცის, რომ კარგი კერძი ერთი ინგრედიენტისგან არ კეთდება, ისე იცის მწვრთნელმა, რა ხდება გუნდში. ჯაკომო რასპადორი ერთ-ერთ იმ ინგრედიენტთაგანია, რომელიც სიმწვავეს გვმატებს”.

ჟესუსი: „ჩვენ კლუბს ვენდობით და იმედი გვაქვს, რომ კიმის შემცვლელსაც ისევე წარმატებით იპოვის, როგორც შარშან თავად კიმი იპოვეს. როდესაც ის ჩამოვიდა, ბევრს არ სჯეროდა, რომ იმას შეძლებდა, რაც გააკეთა”.

გარსია: „ჩვენ კიმი დაგვაკლდება, მაგრამ გუნდში გვყავს სამი შესანიშნავი ფეხბურთელი: ჟუან ჟესუსი, ამირ რაჰმანი და ლეო ოსტეგორი. თუ მეოთხეც დაგვემატება, კიდევ უკეთესი იქნება…

…ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან” კონტრაქტი აკავშირებს. ის ხვალ ჩამოვა. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: როდესაც პრეზიდენტს შევხვდი, მივხვდი, რომ ახალ გამარჯვებებს მოწყურებულ ამბიციურ კაცს ველაპარაკებოდი. გამარჯვებებისთვის კი მაღალი დონის ფეხბურთელები გვჭირდება…

…ათი წლის წინ, როდესაც იტალიაში ჩამოვედი, ჩემს თავს მთელი ქვეყნის მოვლა დავუსახე მიზნად. მე ვიყავი ამალფის სანაპიროსა და პომპეიში, მაგრამ ნეაპოლში არ ვიყავი ნამყოფი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზღვისა და მთის შერწყმა შესანიშნავია. კლიმატი, საკვები… ყველაფერი ბრწყინვალეა. თუმცა, აქ ჯერ უამრავი რამ მაქვს აღმოსაჩენი. ყველგან მივალ. შეიძლება ულვაში მოვუშვა და პარიკი ჩამოვიცვა, მაგრამ ყველაფერს დავათვალიერებ…

…ნდომბელეს შემცვლელი? ნდომბელეს „ლიონში” მუშაობის პერიოდში მოწინააღმდეგის რანგში შევხვდი. მან შესანიშნავი მოთამაშის შთაბეჭდილება დატოვა. ახლა ის „ნაპოლიში” აღარ არის. მის შემცვლელად კი მჭირდება ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი, რომელიც ანგისას დაეხმარება…”

გოლინი: „ფეხბურთის თამაში ოთხი წლისამ დავიწყე. თავიდან წინ დავრბოდი, მაგრამ „სპალში” როლი შევიცვალე, მეკარეობა ვამჯობინე”.

ჟესუსი: „რვა წლისა მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრების გზა იყო”.

გარსია: „მწვრთნელობა საკმაოდ ადრე გადავწყვიტე. მამაჩემი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, მაგრამ პროფესიონალი არასდროს ყოფილა. დღის განმავლობაში ის სამსახურში დადიოდა, საღამოობით და უქმეებზე კი მოედანზე იდგა. მე მას ვაკვირდებოდი და ვხედავდი, რომ მწვრთნელობა უმადური პროფესიაა, მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ის ჩემი ცხოვრების საქმე გახდებოდა…

…„ნაპოლიში” ჩემს ამოცანას ასე ვხედავ: ფეხბურთელებს იმ დონეზე დარჩენაში უნდა დავეხმარო, რომელსაც მიაღწიეს. თამასა ძალიან მაღლა უნდა დავტოვო. ამის უზრუნველყოფა ჩემზეა. ჩემი საქმე უფრო ფსიქოლოგიურია”.

ჟესუსი: „ჩვენ რუდი გარიას შესახებ გვსმენოდა. მას მეტოქის რანგში შევხვედრივარ. მას ჰყავდა შესანიშნავი „რომა”, რომელთან ერთადაც სარეკორდო რაოდენობის თამაშები მოიგო. იმედი მაქვს, რომ „ნაპოლიშიც” იმავეს გაიმეორებს. ის კარგად მომზადებული კარგი ადამიანია”.

გოლინი: „წაკითხული მაქვს წიგნი, რომელიც „ჩიკაგო ბულზის” მწვრთნელმა დაწერა. ის ამბობს, რომ ყოველი სეზონი განსხვავებულია. მწვრთნელს საუკეთესო უნარების გამოვლენაში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი. თუ ასე მოხდება, ის გულშემატკივარს კვლავ დიდ ბედნიერებას მიანიჭებს”.

გარსია: „სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა? (ამ დროს დარბაზმა ერთხმად იყვირა: ორივე!) …ვერაფერს დავამატებ”.

გოლინი: „კლუბს ორი მაღალი დონის მეკარე სჭირდება. მე და ალექსი (მერეტი) კარგი წყვილი ვართ. ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მწვრთნელი საგონებელში ჩავაგდო, თუ რომელი ჩვენგანი უნდა ათამაშოს. რაც შეეხება პენალტებს, რასაკვირველია ჩვენ შეგვიძლია მათი მოგერიების ტექნიკაზე ვიმუშაოთ, მაგრამ ისიც არის, რომ ზოგი მეკარე მშვიდია, ზოგი კი ღელავს”.

ჟესუსი: „იმისთვის, რომ სერია A-ს დონეზე ითამაშო, საჭიროა ბლომად ოფლი მოიდინო, ოცნებას მისდიო, კარგად იკვებო და ხარისხიანად გეძინოს”.

გარსია: „ჩვენთვის მთავარია ლამაზი და ეფექტური ფეხბურთი ვითამაშოთ. ძველებურად 4-3-3 სქემით დავიწყებთ, შემდეგ კი ვნახავთ, შეიძლება თუ არა რაიმეს შეცვლა. იმისათვის, რომ რამე შევცვალოთ, ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ…

…დღეს სხვანაირ მუსიკას უკრავენ. ფეხბურთი ის აღარ არის, ათი წლის წინ რომ იყო. ვიოლინო შინ დავტოვე. იმედი ვიქონიოთ, რომ ის აღარ დაგვჭირდება“.