„ასტანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს:

გიორგი ჭიაბრიშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთს ორი თანაბარი ძალის გუნდი ეთამაშება, „ასტანა“ ევროტურნირებზე წარმატებით და სტაბილურად თამაშობდა. მათ ჰყავთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ორი მოთამაშეა საქართველოს ნაკრებში.

კარგია, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ. ანრი მექვაბიშვილი და ზორან მარუშიჩი გუნდთან ერთად ემზადებიან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ გვეხმარება თორნიკე კირკიტაძე.

რაც შეეხება გიორგი მოისწრაფიშვილს, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშის გაძლიერება.

„ასტანამ“ საპასუხო მატჩამდე ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი დაიმატა. თუმცა, ამით განსაკუთრებული არაფერი იცვლება. ჩვენი მეტოქის თამაშში ვიცით, ახლა მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს ჩვენი დადებითი მხარე სისწრაფე და ახალგაზრდული ჟინია, რაც კარგად გამოჩნდა პირველი შეხვედრის მეორე ტაიმში.

რაც “დინამოში” ვარ შემიძლია ვთქვა რომ, გიორგი ლორიას ტრანსფერი საუკეთესოა. რომან ფიფიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიორგი ჩვენთან გადმოსულიყო. როცა ასეთი მეკარე გვყავს, შეიძლება ითქვას, ის უკვე ნახევარი გუნდია.

ყველანაირი სცენარისთვის ვემზადებით, მათ შორის, პენალტების სერიისთვისაც. ევროტურნირებისათვის მოსამზადებლად სუპერთასის მატჩები ძალიან დაგვეხმარა.

ასტანაში ხელოვნურ საფარზე ვითამასეთ და მოედნი პრობლემა იყო. ვფიქრობ, არც „ასტანას“ ექნება ბუნებრივ საფარზე თამაშის პრობლემა, რადგან ფეხბურთში ყველას ბუნებრივ საფარზე თამაში ურჩევნია. კარგია, რომ საპასუხო მატჩში ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერა გვექნება.

გიორგი მოისწრაფიშვილი: ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალები სრულად აღვიდგინე და „ასტანასთან“ მატჩისთვის მზად ვარ. პირველ თამაშში, გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ანგარიში გავათანაბრეთ.

ცხადია, ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. გულშემატკივარს ვთხოვ, მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს.