„უიმბლდონის“ წლევანდელი ტურნირი სუპერფინალით დასრულდება.
16 ივლისს, ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგებიან. ფინალში ორივე მარტივად გავიდა: 36 წლის სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში სულაც ზედიზედ მეხუთედ იქნება. ნოლემ ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერს სამ სეტში მოუგო – 6:3; 6:4; 7:6. ასევე სამ სეტში იმარჯვა ალკარასმაც, ვისაც მეტოქედ რუსი დანიილ მედვედევი ჰყავდა – ბევრად უფრო რთული მოწინააღმდეგე. თუმცა, 20 წლის ესპანელისთვის რთული და იოლი მეტოქეები არ არსებობენ. ალკარასმა სამ სეტში მოიგო – 6:3; 6:3; 6:3.
ქალთა ფინალში დღეს ტუნისელი ონს ჟაბერი და ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა ითამაშებენ. პირველი ფინალში ვონდროუშოვა გავიდა, ვინაც ნახევარფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6:3; 6:3 დაამარცხა. მეტოქედ კი, „უიმბლდონის“ გასული წლის ფინალისტი ეყოლება. ჟაბერი, რომელმაც ბელარუსი არინა საბალენკას 6:7; 6:4; 6:3 მოუგო, მეორედ შეეცდება „უიმბლდონის“ ფინალი მოიგოს. სხვათა შორის, ჟაბერმა წლეულს „როლან გაროსის“ ფინალი დათმო, რომელიც ვონდროუშოვასაც 2019 წელს წაუგია.