დიახ, ქართველმა ჭაბუკებმა თავი არც ახალზელანდიელ თანატოლებთან შეირცხვინეს და მართალია, 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-7 ადგილისთვის მატჩში „ბეიბი ბლექსმა“ უმცროსი ბორჯღალოსნები საბოლოოდ 50:26 დაამარცხა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას ისეთი მომენტი იყო, როცა სამხრეთელთა მწვრთნელები სერიოზულად შეწუხდნენ.

ლადო კილასონიას ბრწყინვალე გუნდი ავტორიტეტებს რომ არ სცნობს, ეს ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე გამოჩნდა. ე. წ. გასახურებელ მატჩში ქართველებმა თვით ინგლისი დაამარცხეს. ეს დიდი მოულოდნელობა იყო. მაგრამ ტურნირი დაიწყო და სიურპრიზები აი, იქ იყო, თუ იყო!

ჯერ იყო სამხრეთ აფრიკასთან დრამატული მარცხი, როცა თითქოს მოგება თუ არა, მეოთხე ლელოსთვისა და 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის 2 ბონუსი ჯიბეში გვქონდა, მაგრამ რაღაც მანქანებით 10-ქულიანი სხვაობით მარცხი მივიღეთ – 23:33.

მასპინძლებთან ნაჩვენები თამაში შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა და პირველ ტურში იტალიელების გამნადგურებელი არგენტინელები საქართველოსთან თამაშზე ერთობ შებოჭილები გავიდნენ, შებოჭილადვე ითამაშეს და ზუსტად ასე წააგეს – 0:20! ეს იყო სუპერსიურპრიზი, თუმცა საწყენი იყო, რომ ბონუსი არც ამ ჯერზე გვერგო.

მესამე ტური გადამწყვეტი იყო, ბიჭებს ჰქონდათ შანსი, პულში პირველი ადგილი დაეკავებინათ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაეგრძელებინათ. ცოტა არ იყოს, უცნაური სიტყვებია, მაგრამ იტალიის ნაკრების 30:17 ძლევისა და ბონუსის მიღების შემდეგ ეს უცნაურობა სადღაც გაქრა და როცა არგენტინამ ბოლო 11 წუთში წააგო სამხრეთ აფრიკასთან მატჩში, გაჩნდა სხვა გრძნობა – დიდი იმედგაცრუების! და რისი იმედი გაგვიცრუვდა? იმის, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ასპარეზობას არა საჩემპიონო პლეი-ოფში გააგრძელებდა, არამედ მეხუთე-მერვე ადგილებისთვის. სამწუხაროდ არ გამოვიდა, მაგრამ რაც გაკეთდა, ისიც გმირობის ტოლფასი იყო.

ამ სამი მატჩის ტვირთი 26-27-მა ქართველმა ატარა და პლე-ოფის ნახევარფინალში ჩვენს ბიჭებს ძალ-ღონეც აკლდათ, მოტივაციაც და ვნებაც, რომლითაც მათ ასე მოხიბლეს სრულიად სარაგბო თემი. შედეგად, ხშირი იყო შეცდომები, დისციპლინამაც უკეთესის სურვილი დატოვა და ერთობ უფერულმა და სწორხაზოვანმა უელსელებმა 40:21 აჯობეს უმცროს ბორჯღალოსნებს.

ტურნირის დასკვნით მატში კი, ქართველებს მეტოქედ ავსტრალიის მიერ ძლეული ახალი ზელანდია ერგოთ. „ბეიბი ბლექსად“ წოდებულ ნაკრებს გასული 12 მსოფლიო ჩემპიონატიდან ზუსტად ნახევარი – 6 ჰქონდათ მოგებული და წლევანდელი წარუმატებლობით გამწარებულებმა ჩვენს ბიჭებს სრული სერუიზულობით დაუხვდნენ.

უნდა ითქვას, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თამაში ენერგიულად დაიწყეს, ბურთიც და ტერიტორიაც ხელთ იგდეს და მძლავრადაც შეუტიეს, მაგრამ მე-6 წუთზე კონტრშეტევა გამოეპარათ და ანგარიში 0:7 გახდა. მე-11 წუთზე სიტუაცია განმეორდა, მე-18, 27-ე და 29-ეზე კვლავ ზელანდიელები გაექცნენ მოიერიშე ქართველებს და ამასობაში ანგარიში კატასტროფული გახდა – 0:33!

სხვა უთუოდ გატყდებოდა, ფარ-ხმალს დაყრიდა, მაგრამ ამ ბიჭებს სხვებისგან ფენომენალური ბრძოლისუნარიანობა განასხვავებს. 33-ეზე მორიგი შტურმი და ფულბეკი ვაჟა მიქაძემ ცრუ-მოძრაობებით ხაზი გაჭრა. პეტრე ხუციშვილმა გარდასახა – 7:33. მერე ბასა ხონელიძეს მეტოქე თავით თავში დაეჯახა და სინბინში წავიდა, ხონელიძემ კი მეტობა თავის მეოთხე პირად ლელოდ აქცია. ხუციშვილმა კვლავ გარდასახა – 14:33.

მეორე ტაიმის შუისკენ კიდევ ერთი ზელანდიელი გააძევეს და მალევე ქართველთა გააფთრებული შეტევა ირაკლი აფციაურმა ეფექტური ლელოთი დაასრულა – ხაზს იქით 5-6 ზელანდიელი შეიყოლა, რომლებმაც ქართულ ღონეს უკვე ვეღარაფერს უპირისპირებდნენ. ხუციშვილი კვლავ ზუსტია და სხვაობა ზელანდიელებისთვის უკვე საშიშია – 21:33!

ესეც არ კმაროდა და ბასა ხონელიძემ კვლავ ულიდერა შეუჩერებელ ქართულ მოლს და ტურნირზე თავისი მე-5 ლელოთი ანგარიში 26:33 გახადა. ხუციშვილმა პირველად ააცილა, მაგრამ საქართველოს ნაკრები მატჩის დასრულებამდე 15-იოდე წუთით ადრე ზელანდიას ლელო-გარდასახვის დისტანციაზე მიუახლოვდა!

აი, აქ კი სამხრეთელები უკვე სერიოზულად დაიძაბნენ და როცა 3 წუთში ხელსაყრელ დასარტყმელ პოზიციაზე ჯარიმა გამოიმუშავეს, ლელოზე აღარ წასულან და კარში დარტყმა გადაწყვიტეს, რათა გამარჯვება გაენაღდებინათ.

36:26 – „ბეიბი ბლექსი“ დაწინაურდა და ბოლო 10 წუთში თამაში ისე აირია, რომ ასეთ ვითარებაში ქართველთა შანსები უბრალოდ 0-ს უდრიდა – მღვრიე წყალში თევზი ამ საქმის დიდოსტატმა ახალზელანდიელებმა დაიჭირეს – ერთი კარგი ლელო დადეს და ბოლოს შალვა აფციაურის გაძევება და საჯარიმო ლელოც დაიმსახურეს – 50:26. საქართველოს ნაკრები მე-8 ადგილზე გავიდა, რაც უმაღლესი მიღწევაა 20-წლამდელთა არსებობის ისტორიაში.

ღირსეული თამაში, ღირსეული შედეგი, დაძაბული დღეები და ლამაზი სანახაობა – ეს ყველაფერი 20 დღეში ჩაეტია. დაუვიწყარი ტურნირია საქართველოსთვის და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით ლადო კილასონიას სამწვრთნელო შტაბსა და გუნდის უკლებლივ ყველა წევრს!

ჩემპიონი კი, ცხადია, საფრანგეთი გახდა, რომელმაც ფინალში უბრალოდ შეჭამა ირლანდია – 50:14.