Piotr Zielinski of Napoli competes for the ball with Marcelo Brozovic of Inter during the Serie A match between SSC Napoli and FC Internazionale at...პიოტრ ჟელინსკი და „ნაპოლი” ერთმანეთს ემშვიდობებიანო, წერს calciomercato. პოლონელი ნახევარმცველი „აძურიში” 2016 წლიდან თამაშობს. ის გახლდათ გუნდის ბოლო წლების უდიდეს მოვლენათა მონაწილე. მან „პარტენოპეელებთან” ერთად გადაიტანა 2018 წელს სკუდეტოს დაკარგვის და 2023 წელს მისი მოპოვების ემოციური მომენტები. და აი, სამი დღის წინ, ახალი მაისურის პრეზენტაციაზე, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვეტერანებს მკაფიოდ მოსთხოვა რაც შეიძლება მალე გაარკვიონ რჩებიან კლუბში თუ მიდიან. დე ლაურენტისს მათთვის გარკვეული პირობების შეთავაზება შეუძლია, მეტს კი ვერ ახერხებს. რაც შეეხება ჟელინსკის, მას ხელშეკრულების თანახმად „ნაპოლისთან” თერთმეტთვიანი თანამშრომლობაღა დარჩა, რის მერეც თავისუფალი აგენტი გახდება. „უდინეზესა” და „ემპოლის” ყოფილი ფეხბურთელი „ნაპოლიში” წელიწადში 4,5 მილიონ ევროს იღებს, რაც პრეზიდენტისთვის მძიმე ტვირთია.

და აი, ბოლო დღეებში ჟელინსკის ყიდვის სურვილი საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლის” გაუჩნდა. „ალ აჰლიში” თამაშობენ ევროპელი გულშემატკივრისთვის ცნობილი ფეხბურთელები, ბრაზილიელი ფირმინო და ფრანგი მეკარე ედუარ მენდი. „ალ აჰლი” პოლონელს სამწლიან თანამშრომლობას და წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს. პრემიებით ჟელინსკის შემოსავალი 40 მილიონამდე ავა, რაზეც უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია. საუდეთის კლუბი „ნაპოლის” პოლონელში 20-25 მილიონს გადაიხდის. უფრო ზუსტი თანხა ვაჭრობის შედეგად გაირკვევა.