14 ივლისს სრულდება გლობალური ღონისძიება, რომელიც სრულიად საქართველოს ყურადღების ცენტრში მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო და რომელმაც სიამოვნებისა და სიამაყის უამრავი წუთი განაცდევინა.

პარასკევს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებების შეხვედრა, რომელშიც გათამაშდება ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე-მერვე ადგილები და ამით დაესმება წერტილი ლადო კილასონიას გუნდის სამხრეთაფრიკულ თავგადასავალს.

სასიამოვნო და საამაყო განცდებიო, ითქვა და მეტი თავშეკავებით აბა, როგორ უნდა ისაუბრო 19-20 წლის სამ ათეულ ქართველზე, რომლებმაც სულ რაღაც სამიოდე კვირით ადრე წარმოუდგენლად მიჩნენული ამბები დაატრიალეს აფრიკის კონტინენტის სამხრეთში?! ჯერ მარტო იმის ხილვა რად ღირდა, რის ვაი-ვაგლახით გადაურჩნენ ამ ბიჭებს მასპინძელი პატარა „ქურციკები“ და მერე როგორი თავჩაქინდრულები გავიდნენ მოედნიდან უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მიერ პირწმინდად ძლეული „ლოს პუმიტასი“ და ახალგაზრდა „აძური“!

ეს უკვე გმირობა იყო – ტიერ 1-ის ორი წარმომადგენლის მიჯრით წაქცევა პატარა საქმე არავის ეგონოს. ამ წარმატებამ ქართველები ისტორიაში პირველად გაიყვანა მეორე დონის პლეი-ოფში, რომელშიც მეხუთე-მერვე ადგილები თამაშდებოდა და ისიც იმიტომ, რომ აფრიკელებთან შეხვედრა წაგებული ჰქონდათ, თორემ ყველა სხვა კომპონენტში და თამაშის ხარისხში ჩვენი გუნდი არავისზე ნაკლები არაა.

პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ უელსელ თანატოლებთან კარგად დაიწყეს, მაგრამ მერე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და სწრაფმა ბრიტანელებმა ნაჩუქარი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს. თუმცა, უელსთან მარცხისა და ახალ ზელნდიასთან მომავალი დაპირისპირების შედეგის მიუხედავად, საქართველოს 20-წლამდელთა სამხრეთაფრიკული გამოსვლა აბსოლუტურად დადებით შეფასებას იმსახურებს. სხვა თუ არაფერი, აქამდე ქართველთა საუკეთესო მიღწევა გახლდათ 2018 წელს დაკავებული მე-9 ადგილი, პარასკევს კი ბრძოლა მე-7 საფეხურისთვის მოუწევს.

გუნდის შემადგენლობაში როტაცია გაგრძელდა, ოღონდაც 7 კაცს ზედიზედ მეხუთე მატჩის დაწყება სასტარტო შემადგენლობაში მოუწევს.

რაც შეეხება „ბეიბი ბლექსთან“ შეხვედრათა ისტორიას, აქ მხოლოდ ორი მატჩია გასახსენებელი.

პირველად ეს მეტოქეები ერთმანეთს 2016-ში, ქართველთათვის სადებიუტო ჩემპიონატზე შეხვდნენ და მაშინ სამხრეთელებმა 55:0 მოიგეს. მეორედ, 2019-ში კვლავ ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით და ამ ჯერზეც ზელანდიელებმა იმარჯვეს, ოღონდაც გაცილებით მოკრძალებული სხვაობით – 45:13. ზოგადად კი ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონია, თუმცა ბოლოს ამ ტიტულს საქართველოში, 2017 წლის ჩემპიონატზე დაეუფლა.

მთავარ მატჩში კი ერთმანეთს ორი აშკარად უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდება – საფრანგეთი და ირლანდია. ირლანდიელებს აქამდე არასდროს მოუგიათ მოცემული ტურნირი, საფრანგეთი კი ბოლო ორი ჩემპიონატის ტრიუმფატორია და ჩვენი პროგნოზი ამ ტიტულების გასამება იქნება, იმდენად ყოვლისშემძლედ გამოიყურება პატარა „ლე ბლე“.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ახალ ზელანდიასთან მატჩში:

1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბაიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (კაპიტანი, ბაიონი), 8. ნიკა ლომიძე (ბაიონი), 9. დავით ხუროშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ორიაკი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 15. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი ნიკოლაძე (აია), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლიონი).