Piotr Zielinski of SSC Napoli in action during the Serie A match between SSC Napoli and UC Sampdoria at Stadio Diego Armando Maradona on June 4, 2023...„ნაპოლის” ფეხბურთელებს პიოტრ ჟელინსკისა და ირვინგ ლოსანოს ორი რამ აქვთ საერთო — იტალიის ჩემპიონთან კონტრაქტს ვადა თერთმეტ თვეში ეწურებათ და „აძურის” კვალობაზე დიდძალ ხელფასს, სეზონში 4-4.5 მილიონ ევროს იღებენ. კლუბის მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა პოლონელსა და მექსიკელს სთხოვა, ან ახლავე გაეხანგრძლივებინათ ხელშეკრულებები, ან დაუყოვნებლივ გამოენახათ ახალი კლუბები.

ჟელინსკის თაობაზე კარგა ხანს არაფერი ისმოდა, მაგრამ დღეს დაიწერა, რომ მას საუდის არაბეთში ეპატიჟებიან და გვარიან ფულსაც ჰპირდებიან. ამ ზაფხულს საუდელები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და ადრინდელივით დაღმავლობის გზაზე მდგომი ვეტერანების გადაბირებას აღარ სჯერდებიან. ასე მაგალითად „ალ ნასრმა” უკვე „გამოსტაცა” სერია A-ს ხორვატი მარსელო ბროზოვიჩი, რომელიც 2015 წლიდან „ინტერში” თამაშობდა; „ლაციოს” სერბი ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ „ნაპოლის” უკავშირებდნენ, „ალ ჰილალმა” სამი წლით წაიყვანა და ამ სამ წელიწადში 60 მილიონი ევროთი გაამდიდრებს; უკვე „ალ ჰილალში” არიან კალიდუ კულიბალი და რუბენ ნევეში.

გუშინ ვწერდით, რომ „ლაციო” მილინკოვიჩ-სავიჩის ნაცვლად „ნაპოლისგან” ზემოთ ნახსენები ჟელინსკის ყიდვას აპირებდა. რომაელთა მწვრთნელი მაურიციო სარი თავის დროზე „პარტენოპეელებს” ედგა სათავეში და პოლონელის ნიჭი მისთვის კარგად არის ნაცნობი, მაგრამ დღეს ყველაფერი ყირაზე დადგა: calciomercato წერს, რომ საუდის არაბეთიდან ჯელინსკის სამ წელიწადში დაახლოებით 35 მილიონ ევროს სთავაზობენ. ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა სავარაუდოდ შეუძლებელია.

წერდნენ, რომ „ნაპოლი” ჟელინსკის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა calcionapoli1926 ამბობს, რომ იტალიის ჩემპიონმა ამჯერად 25 მილიონი მოითხოვა.