12 ივლისს თბილისის „დინამო“ ახალ ევროსეზონს იწყებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანას“ შეხვდება.
თბილისელები ასტანაში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. გუნდს ამ მატჩში ვიცე-კაპიტანი ანრი მექვაბიშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ასევე განაცხადში არ არიან სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი და შემტევი თორნიკე კირკიტაძე.
ყაზახეთში გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია:
მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა კუტალაძე, დავით კერესელიძე;
მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობური, ლუკა ლაკვეხელიანი
ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისრაფიშვილი
თავდამსხმელები: უსმანე კამარა, მუსა სანგარე, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი.
***
დინამოელებმა „ასტანა არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს, მანამდე კი გიორგი ჭიაბრიშვილმა მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა:
…არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება თავისი გუნდის გამარჯვებას, გამონაკლისი არც მე ვარ და ჩემი გუნდისგან მოგებას ველი.
…რამდნეიმე ფეხბურთელს მიკროტრავმები აწუხებს, მაგრამ მთავარი დანაკლისი თორნიკე კირკიტაძეა. რაც შეეხება მეტოქეს, „ასტანას“ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მოქმედი ან ყოფილი წევრები არიან, ასე რომ სერიოზულ მეტოქესთან გვიწევს დაპირისპირება.
… ქართულ ფეხბურთში არის გარკვეული წინსვლა. წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც წარმატებით თამაშობს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში. საკმარისია დავასახელოთ კვარაცხელია, მამარდაშვილი… ისინი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილები არიან. ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება პოზიტიურისკენ იცვლება და ეს აშკარად ჩანს.
… ცხელი ამინდი ჩვენთვის სიახლე არ არის, თუმცა თბილისში, ჯერჯერობით, ასეთი მაღალი ტემპერატურა არ გვაქვს. არ დავმალავ, ამინდი და მასთან ერთად ხელოვნურსაფრიანი გაზონი გარკვეულ პრობელმას შეგვიქმნის, მაგრამ ვიმედოვნებ ადაპტაციას მალე მოვახერხებთ და ყველაფერი კარგად იქნება.