პიოტრ ჟელინსკის „ნაპოლიში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ადრეც ვწერდით, რომ პოლონელი ნახევარმცველის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ამ დროს მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია დატოვოს კლუბი. შესაბამისად, ჟელინსკისთან თანამშრომლობის გაგრძელება ყველაზე ხელსაყრელი ახლაა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის.

„ნაპოლის” ახალი ფორმის პრეზენტაციაზე კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ „პარტენოპეელთა” შორის მართლაც არიან მოთამაშეები, რომელთა კონტრაქტებსაც ვადა ეწურება. პრეზიდენტმა ამ ფეხბურთელებს ბრალი სიხარბეში დასდო — ძალიან დიდ გასამრჯელოს ითხოვენო და დაიმუქრა, რომ მათ შესაძლოა მომდევნო სეზონის ტრიბუნაზე გატარება მოუხდეთ. სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ Sportitalia-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ერთ-ერთი ვისაც სკამზე ჯდომა ემუქრება, ჟელინსკია.

პოლონელის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძნელი წარმოსადგენია, რადგან ის მაღალი კლასის ფეხბურთელია და მისი ყიდვა რამდენიმე კლუბს სურს. ამ კლუბებს შორის აღსანიშნავია „ლაციო”, რომლის მწვრთნელს მაურიციო სარის ჟელინსკი ძალიან მოსწონს. ის ფეხბურთელს „ნაპოლის” თავკაცობის დროიდან იცნობს.

calciomercato წერს, რომ დე ლაურენტისი თავის მეგობარს, რომაელთა მეპატრონეს კლაუდიო ლოტიტოს პოლონელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მოსთხოვს. აქვე უნდა ითქვას, რომ „ნაპოლის” „ლაციოს” სერბ ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს სთხოვდა. შესაბამისად, მხარეებმა შესაძლებელია ფეხბურთელების გაცვლა მოიფიქრონ. კიდევ, იტალიური პრესა წერს, რომ სარის „ნაპოლის” მარჯვენაფლანგელი მატეო პოლიტანოც მოსწონს. ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, სატრანსფერო კომბინაციაში მისი ჩართვაც შეიძლება.