„პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ბრაზილიელმა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლეონარდომ „ეკიპთან” საუბრისას კილიან მბაპეს კბილი გაჰკრა.
„პარიზული კლუბისთვის უკეთესი იქნება თუკი მბაპე სხვაგან გადავა. არ აქვს მნიშვნელობა სად. „პარი სენ ჟერმენი” კილიან მბაპემდეც არსებობდა და კილიან მბაპეს მერეც იარსებებს. მბაპე ექვსი სეზონია რაც პსჟ-ში თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ხუთმა სხვადასხვა გუნდმა მოიგო: ორჯერ „რეალმა”, „ლივერპულმა”, „ბაიერნმა”, „ჩელსიმ” და „მანჩესტერ სიტიმ”. არც ერთ მათგანს არ ჰყოლია მბაპე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლიგის მოგებისთვის მბაპეს ყოლა სულაც არ არის აუცილებელი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი ქცევა გვაჩვენებს, რომ ის გუნდის ლიდერობისთვის ჯერ მზად არ არის. დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ლიდერი არ არის. დიდებული მეგოლეა, მაგრამ შემოქმედი არ არის. მის გარშემო გუნდის აწყობა ძნელია”.