ტურინის „იუვენტუსმა“ „ოპტიმალურ დისკვალიფიკაციას“ მიაგნო. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა უეფას შეუთანხმდა და მომდევნო სეზონში კონფერენციის ლიგაში მონაწილეობას არ მიიღებს.
გეხსომებათ, ტურინელები საკუთარ ქვეყანაში დასაჯეს, 10 ქულა დააკლეს, რის გამოც გუნდმა სეზონი მეშვიდე ადგილზე და რანგით მესამე ევროტურნირის საგზურით დაასრულა. შედეგად, „იუვენტუსის“ გარშემო გამოძიება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომაც დაიწყო და კლუბისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამზადებული ჰქონდა. თუმცა, როდის შევიდოდა ეს დისკვალიფიკაცია ძალაში, უცნობი იყო.
ჰოდა, მოვლენებს თავად „იუვენტუსმა“ დაასწრო. საქმე ის არის, რომ უეფას „იუვენტუსი“, შესაძლოა, მომდევნო სეზონისთვის დაესაჯა. ეს კი ტურინელებს არ აწყობდათ, რადგან მათთვის კონფერენციის ლიგა ნაკლებად პრესტიჟულია, ხოლო ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურთ.
აქედან გამომდინარე, ტურინელებს აწყობდათ, თუ ერთწლიანი დისკვალიფიკაციას წლეულსვე „მოიხდიდნენ“.