ბათუმში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალის ბედი პირველი ტაიმის მიწურულს ჯარიმამ გადაწყვიტა: ინგლისელი კოულ პალმერის დარტყმული ბურთი კერტის ჯონსს მოხვდა, მიმართულება იცვალა და ესპანელთა კარში შევარდა. ესპანური გაზეთი AS წერს, რომ საკამათოა უნდა ჩათვლილიყო თუ არა ეს გოლი.
საქმე ის არის, რომ პალმერის დარტყმის წინ ესპანელთა ცოცხალ კედელს წინ ორი ინგლისელი აეფარა, რომელთაგან ერთ-ერთი ჯონსი იყო. IFAB-ის მე-13 წესში კი წერია: „როდესაც დამცველი გუნდის სამი ან მეტი მოთამაშე ბარიერს აღმართავს, შემტევი გუნდის ყველა წევრი მისგან სულ მცირე ერთი მეტრით უნდა იყოს მოშორებული”.
იყვნენ კი ინგლისელები ესპანელთა კედლისგან ერთი მეტრით მოშორებულები? — კითხულობს გაზეთი.