ფრანგულმა „ეკიპმა” დაწერა, რომ თუკი „ინტერი” მეკარე ანდრე ონანას გაყიდის, მის ნაცვლად ვეტერანი უგო ლორისის შეძენას მოინდომებს. ციტატა გაზეთიდან:
„მართალია უგო ლორისი საუდის არაბეთში აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ ევროპული კლუბები მას სთხოვენ არ იჩქაროს, რადგან მეკარეების ბაზარი სადაცა არის იფეთქებს. ყველაფერი „ინტერთან” გახლავთ დაკავშირებული. „ნერაძური” ეძებს გოლკიპერს, რათა „მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლის შემთხვევაში კამერუნელი ანდრე ონანა შეცვალოს.
იტალიელები რამდენიმე კვირის განმავლობაში უკავშირდებოდნენ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს. ისინი ამ დღეებში სავარაუდოდ კიდევ უფრო გააქტიურდებიან. ეს მოლაპარაკება ჯერჯერობით არაფორმალურია, მაგრამ მალე ის კონკრეტულ წინადადებაში გადაიზრდება. „ინტერს” სურს, რომ ლორისი მომდევნო სეზონში მისი მთავარი მეკარე გახდეს”.
„ეკიპი” დასძენს, რომ „ინტერის” სიაში აგრეთვე არის 34 წლის შვეიცარიელი იან ზომერი, რომელიც ამჟამად „ბაიერნშია” და გერმანულ კლუბთან 2025 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი.
„ინტერის” შეთავაზება ლორისისთვის სულერთი არ არის, მაგრამ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილ მეკარეს მოსაფიქრებლად დრო სჭირდება. მანამდე ფრანგმა თურქეთისა და საბერძნეთის კლუბების შემოთავაზებაზე თქვა უარი.
ჩვენთვის კი საყურადღებოა, რომ „ეკიპმა” ერთხელაც არ ახსენა „ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ესპანური პრესა სწორედ „ონანას საქმესთან” აკავშირებს. ესპანეთში წერენ, რომ თუკი მილანური კლუბი ონანას მანჩესტერში გაყიდის, მის შემცვლელად ალბათ გიორგის მიიყვანს.