„თელავი“ სეზონის განახლებისთვის სერიოზულად ემზადება, ბოლო დღეებში კახურმა კლუბმა სამი ტრანსფერი განახორციელა – სეზონის მეორე ნახევრიდან გუნდის ღირსებას ჯეფერსონ ჯერალდო, გიორგი პაპუნაშვილი და ევჰენ პროტასოვი დაიცავენ.

34 წლის ბრაზილიელი შემტევი ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო, ქართველი ქომაგისთვის კარგად არიც ნაცნობი. იგი საქართველოს ჩემპიონატში 2016 წელს ქობულეთის „შუქურაში“ გამოჩნდა, 2021 წლიდან კი წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა და ბოლო პერიოდი იმერულ კლუბში თამაშობდა.

გამოცდილი ფეხბურთელია გიორგი პაპუნაშვილიც. საქართველოში მან ქომაგს თავი თბილისის „დინამოში“ თამაშით დაამახსოვრა, შემდეგ იყო ხანგრძლივი ევროპული ვოიაჟი – გერმანული ბრემენის „ვერდერი“, ესპანური „რეალ სარაგოსა“, სანტანდერის „რასინგი“, კვიპროსის „აპოლონი“და სერბეთის „რადნიჩკი ნიში“.

სამშობლოში დაბრუნებულმა პაპუნაშვილმა ძალები ქუთაისის „ტორპედოშიც“ მოსინჯა, ბოლოს კი „სამტრედიაში“ თამაშობდა. გიორგიმ 10 თამაში საქართველოს ნაკრებშიც ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება 25 წლის ევჰენ პროტასოვს, ის ამპლუით ნახევარმცველია, საფეხბურთო კლუბ „ოლექსანდრიის“ აღზრდილმა, სამშობლოში ლუცკის „ვოლინსა“ და ხარკოვის „მეტალისტში“ ითამაშა. ბოლო ორი სეზონი კი ლიეტუვაში, იქაურ “სუდუვაში” გაატარა, სადაც შარშან ლიეტუვის სუპერთასი მოიგო.