spain ukraine„ეს იყო ჯადოსნური მატჩი, რომელშიც ესპანეთმა მიხაილო მუდრიკის უკრაინა 5:1 დაამარცხა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, — წერს „მარკა”, — დაუვიწყარ მეორე ტაიმში „ლა როხიტამ” მეტოქე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით დაჯაბნა. ეს გახლდათ აშკარად საუკეთესო შეხვედრა, რაც ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ჩაუტარებია. ყველა ფეხბურთელი სანახაობრივად თამაშობდა — არნაუ ტენასით დაწყებული აბელ რუისით დამთავრებული”.

გაზეთი წერს, რომ ამ შეხვედრას არაფერი ჰქონდა საერთო ამავე გუნდების ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის დაპირისპირებასთან (2:2). ის თამაში მხოლოდ რეპეტიცია იყო. ნახევარფინალში კი ორივემ უძლიერესი შემადგენლობა გაიყვანა. მუდრიკის ფაქტორმა ბევრი რამ შეცვალა. „ჩელსის” ფეხბურთელს გასაოცარი უნარები აქვს და ესპანეთთან მათი სრულად ჩვენება უნდოდა.

ანგარიში სწორედ მუდრიკის პასით არტემ ბონდარენკომ მე-13 წუთზე გახსნა, მაგრამ ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ერთი გუნდი მეორეს სრულიად აღემატებოდა. მე-17 წუთზე აბელ რუისმა წონასწორობა აღადგინა, 24-ზე ოიან სანსეტმა ესპანელები წინ გაიყვანა, შესვენების შემდეგ კი „ლა როხიტამ” ორს კიდევ სამი გოლი დაამატა, რომელთა ავტორები იყვნენ ანტონიო ბლანკო, აიმარ ოროსი და სერხიო გომესი.

„ჩვენი გუნდისთვის ბურთის კონტროლი მნიშვნელოვანია. მას თამაშის ამ მოდელის სწამს. დღეს მთავარი იყო გამარჯვება, გოლების რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ. დრო ბევრი არ გვაქვს, თან ბუქარესტიდან ბათუმისკენ უნდა ვიმოგზაუროთ”, — თქვა მატჩის შემდეგ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა სანტი დენიამ.