თითქმის მთელი მატჩი – მე-5 წუთიდან მოყოლებული 69-ემდე სამხრეთაფრიკული ველინგტონის „ბოლანდ სთედიუმზე“ ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვენ გვინდოდა – არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები მასპინძელთა გუნდს ამარცხებდა. მაგრამ 69-ეზე ნორჩმა „ქურციკებმა“ თითქოს ხერხემალში გადატეხეს „ლოს პუმიტასი“.
არ გაგვიმართლა და კვლავ „დამნაშავე“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებია. ჯერ იყო და, ტურნირის სტარტზე ეს გუნდი სასწაულებრივ დაგვიძვრა და ისე მოგვიგო, რომ სანუგეშო ბონუსამდეც არ მიგვიშვა. იმ შეხვედრაში ქართველებს კარში უკეთ რომ ერტყათ და მატჩის ბოლოს არ დაბნეულიყვნენ, სანუგეშო ბონუსს კი არა, გამარჯვებასაც მიაღწევდნენ…
თუმცა, აფრიკელებს იმ დღესაც გაუმართლათ და დასკვნით, გადამწყვეტ შეხვედრაშიც. 7:16 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ აფრიკელებმა ისეთი დონის რაგბი ითამაშეს, რომ არგენტინელებმა მცირედი წინააღმდეგობაღა გაუწიეს, რომელიც ქულებად ვერ აქციეს, დაიბნენ, მანამდე მძლავრი შერკინებაც აერიათ და დაუნდობელ აფრიკელებს მეტი რაღა უნდოდათ?
17 პასუხო ქულა – ესაა მასპინძელთა მონაგარი მეორე ტაიმში. საბოლოოდ პატარა „ქურციკებმა“ 24:16 მოიგეს, ჯამში 9 ქულას მოუყარეს თავი და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცნენ. საქართველოსაც 9 ქულა აქვს, მაგრამ აფრიკელებთან პირადი მატჩის წაგებამ აი, სად შეგვახსენა თავი…
ნებისმიერ შემთხვევაში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იმ, პირველ მატჩში ნაჩვენები თამაშით მოხდენილი ფურორი მთელ ჯგუფურ ეტაპზეც განავრცეს და ურთულეს ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. სამწუხაროდ, მეორეადგილოსნებს შორის ყევლაზე ცუდი მაჩვენებლები აღმოგვაჩნდა და სამი ჯგუფის გამარჯვებულებს ინგლისის ნაკრები შეუერთდა, რომელმაც ზელანდიელების დარად 10 ქულა დააგროვა და ბურთების სხვაობით გადაუსწრო.
რა ელის ჩვენს საამაყო გუნდს შემდგომში? 9 ივლისს, მე-5 ადგილისთვის პლეი-ოფის ნახევარფინალში უელსის 20-წლამდელთა გუნდს დავუპირისპირდებით, მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ შეადგინეს. წყვილების გამარჯვებულები მე-5 ადგილს გაითამაშებენ ფინალურ მატჩში, წაგებულები – მეშვიდეს. შეხსენებისთვის, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების უმაღლესი მიღწევა აქამდე მე-9 ადგილის დაკავება იყო.
ჩემპონობისთვის ბრძოლას კი ირლანდია-სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთ-ინგლისი გააგრძელებენ. საფრანგეთის ნაკრები ამ ოთხეულში აშკარად გამოირჩევა და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, უმცროსი „ ლე ბლე“ ზედიზედ მესამედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი.
აი, ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის კი შემდეგი წყვილები გააგრძელებენ ბრძოლას: ნახევარფინალში იტალია ფიჯის შეხვდება, ხოლო არგენტინა – იაპონიას. აი, ასე რადიკალურად შეიცვალა არგენტინელთა ბედი აფრიკელებთან მატჩის ბოლო 11 წუთში…