საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.
თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს.
გაფართოებულ სიაში არ არის ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი არიან ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი თად მაკფადენი, ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.
5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე გაიმართება, რომლებსაც, ძირითადად, სასელექციო სახე ექნება და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი წევრები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად დაესწრებიან.
საქართველოს ნაკრების შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდება.
12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგმატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.
17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.