Georgia goalkeeper Giorgi Mamardashvili during the UEFA Euro 2024 Qualifying Group A match at Hampden Park, Glasgow. Picture date: Tuesday June 20,...AS გაკვირვებული წერს, რომ „ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი სატრანსფერო ბაზრის პირველ კვირებში არავის გახსენებია — კლუბი ელოდა, რომ დაიწყებოდა თუ არა ფეხბურთელებით ვაჭრობა, ქართველი წინადადებათა მთელი პაკეტს მიიზიდავდა, ის კი ყველას დაავიწყდაო, ამბობს ესპანური გაზეთის რედაქტორი დავიდ ესტევე. ამასობაში კი „ვალენსიას” სატრანსფერო ამბები ძირითადად იუნუს მუსასა და ტიერი რენდალ კორეიას ეხება.

მართალია, „ღამურებს” ჯერ არავინ გაუყიდიათ, მაგრამ ამერიკელის და პორტუგალიელის შეძენის მსურველები უკვე გამოჩნდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის, რომ მუსას ყიდვა „მილანს” და „ფულემს” უნდათ. ტიერი კორეია „მარსელს” სდომებია. და ამის ფონზე მამარდაშვილი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან წინადადების გარეშე ბრუნდება.

არადა, „ვალენსია” ვალების გასწორებას უპირველეს ყოვლისა მეკარის გაყიდვით აპირებდა. ამისათვის კლუბმა ქართველი გოლკიპერი თამამად დააფასა 20 მილიონ დოლარად. მისი ახალგაზრდული ასაკი (22 წელი) და მისი თამაშის ხარისხი იძლეოდა იმედს, რომ „ჩეების” ოფისში ტელეფონის რეკვა არ შეწყდებოდა, მაგრამ… ის დუმს.

მამარდაშვილს კარგი სეზონი ჰქონდა. მას თამაში არ გამოუტოვებია; მონაწილეობა მიიღო „ღამურების”, საქართველოს ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებების 50-ზე მეტ შეხვედრაში. გაზაფხულზე აქტიურად წერდნენ, რომ მისი კარიერა პრემიერლიგაში გაგრძელდებოდა, მას ჰქონდა საუკეთესო პრესა, მაგრამ ჯერჯერობით ტრანსფერის გარშემო გასაოცარი სიჩუმეა.

AS შეგვახსენებს, რომ ქართველ მეკარეს „ვალენსიასთან” 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ ის ისვენებს. მისი ნაკრები ევროზე მეოთხედფინალში გავიდა.

მამარდაშვილი რუბენ ბარახას გუნდს სხვა ფეხბურთელებთან შედარებით გვიან დაუბრუნდება და ესპანურ გაზეთს აქვს განცდა, რომ მას „მესტალიაზე” მოუწევს დარჩენა, თუ, რასაკვირველია, ქართველის შეძენა რომელიმე აქამდე გასუსულ კლუბს უცებ არ მოუნდება.