No description available.უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც მათზე იყო დამოკიდებული – 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიელი თანატოლები 30:17 დაამარცხეს, გზად 4 ლელო დაუდეს, რამაც ბონუს-ქულაც მოუტანა. შედეგი უკვე დღესაა ისტორიული – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს! ყოველ შემთხევაში, როცა ეს სტრიქონები იწერება, ლადო კილასონიას ოქროს ბიჭები ჯგუფის პირველ ადგილზე არიან და ამ პოზიციას შეინარჩუნებენ კიდეც, თუ დღის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 21 საათზე დაიწყება, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა ერთმანეთს ფრეზე გაეყრებიან, რაც რაგბში ერთობ იშვიათად ხდება, ან მოიგოს არგენტინა, თან 4 ლელოს ვერ დადებს.. მოკლედ, ქართველთა შანსი რეალურია, ოღონ მათზე აღარაა დამოკიდებული.

ასეა თუ ისე, ამ ბიჭებმა მორიგი დიადი ფურცელი უკვე დაწერეს და მათ მიერ შექმნილი ისტორია არც მეტი, არც ნაკლები, აქამდე მოქმედი მსოფლიო წესრიგის პირდაპირი გადაყირავებაა! სხვაგვარად ვერც დაახასიათებ. როცა ოთხ წინა ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების უმაღლესი მიღწევა მე-9 ადგილის დაკავება იყო, ახლა კი, ჩვენთვის უარესი სცენარიც რომ დავუშვათ, სულ ცოტა მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან, ხოლო თუ ზემოთ მოყვანილი სცენარი განვითარდა, სულაც საჩემპიონო ნახევარფინალში ითამაშებენ! ეს ენით აუწერელი წარმატებაა!

მსოფლიოს მინიმუმ 8 უძლიერეს გუნდს შორის მოხვედრა, ცხადია, უკვე თავისთავად საოცარი შედეგია საქართველოს დარი პატარა ქვეყნისთვის, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მიმდინარე ამ ჩემპიონატზე ქართველების დონის მწყობრი, მძლავრი და ჭკვიანური რაგბი აქამდე მხოლოდ მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს თუ უჩვენებია. ამდენად დასანანი იქნება ქართველების ნახევარფინალს მიღმა დარჩენა…

თამაში აფრიკული პეიზაჟის ფონზე წარიმართა – ულამაზესი კლდოვანი მთები და იქაური ტყე უფრო „მეფე-ლომის“ სიუჟეტს მოუხდებოდა, ვიდრე რაგბის თამაშს, თუმცა მორაგბეებმაც მოიხდინეს – დაძაბული, არაახალგაზრდული, არამედ კაცური ბრძოლა გააჩაღეს. მე-10 წუთზე იტალიელმა ფორვარდმა რეფერის სინბინი გამოსტყუა და ნიკა ლომიძემ კაცნაკლულ იტალიელთა დაცვა გაარღვია. პეტრე ხუციშვილმა გარდასახა და 7:0 დაგვაწინაურა. მალევე იტალიელებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს – 3:7, ხოლო როცა ისევ გათხუთმეტკაცდნენ, კარგი საპასუხო ლელო-გარდასახვაც გაგვიტანეს.

No description available.რამდენიმე წუთში  პენალტი უკვე ხუციშვილმა გაიტანა – 10:10, 30-ე წუთზე კი როგორც იქნა მწყობრად აგორებულმა ქართულმა მოლმა საწადელს მიაღწია – კვაჭმა ბასა ხონელიძემ ტურნირზე თავისი მეორე ლელო დადო. ხუციშვილმა კიდიდან ააცილა, თუმცა ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა – 18:10. სულ მალე, იტალიელების ანალოგიური სინბინით ჩვენი გუნდიც დაისაჯა – ლეგენდარული ბორჟღალოსნის, გოდერძი შველიძის ვაჟმა გიორგიმ ჰაერში შებოჭა მეტოქე, თუმცა ტაიმი მაინც ქათველებმა მოიგეს – 18:10. საჭირო იყო კიდევ 2 ლელოს გატანა…

შველიძის დაბრუნებამდე ახალგაზრდა „აძურიმ“ თავისი ერთადერთი შანსი გამოიყენეს და კიდევ ერთი ხარისხიანი ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და ჩამორჩენა კინკილა ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ეს მათი ბოლო გაფართხალება იყო – დარჩენილ ნახევარ საათში ქულებს მხოლოდ ქართველები აგროვებდნენ.

ჯერ იყო და ხონელიძემ იტალიურ მოლს ბურთი მოპარა და სპრინტერული სისწრაფით ლელოში შევარდა. ბასას მესამე ლელო ხუციშვილმა დამაჯერებლად გარდასახა – 25:17, თამაში კი თავის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – ან იტალიელები შეამცირებდნენ სხვაობას, ან ქართველები სანუკვარ მეოთხე ლელოს დადებდნენ. ჰოდა, საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე იტალიელი უკანახაზელი შეტევაში აწეული იდაყვით წავიდა, ზორბა რატი ზაზაძე ტრავმას კი გადაურჩა, მაგრამ შავკანიანი აპენინელი სინბინს – ვერა. ბოლო შტურმი კი ულამაზესი, სულ ცოტა 10-ფაზიანი ხელდახელ შეტევითა და კაპიტან ლაშა ციხისთავის ლელოთი დაგვირგვინდა – 30:17 და ბონუსი! პროგრამა-მინიმუმიც შესრულდა და პროგრამა-მაქსიმუმიც! ყოჩაღ, ლადო კილასონია, ყოჩაღ! ისტორიაში აშკარად საუკეთესო უმცროსი ბორჯღალოსნები გვყავს.

„გრენობლის“ ბურჯი ირაკლი აფციაური MasterCard-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.