No description available.სამშაბათს დიდი რაგბია. მართალია, სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდულ ნაკრებთა მსოფლიო პირველობა მიმდინარეობს, მაგრამ გუნდები ისეთი დონის თამაშს დემონსტრირებენ, უკვე დღესაა ნათელი – მომავლის რაგბი ახლანდელზე მეტად ხარისხიანი იქნება, ამიტომაც სამშაბათი დიდი სარაგბო დღეა.

ის კი ნაღდად ფაქტია, რომ ახალგაზრდა ბრჯღალოსნებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ამჟამინდელი პერსპექტივები აქამდე არ ჰქონიათ. გარდა იმისა, რომ ქართველებს იტალიის ბონუსით დამარცხება სჭირდებათ, იმაშიც უნდა გაგვიმართლოს, რომ არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ ან ფრედ უნდა დაასრულონ თავიანთი შეხვედრა, ან ერთ-ერთმა მცირე სხვაობით და ბონუსის გარეშე მოიგოს.

აი, ასეთ შემთხვევაში კი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ბრძოლას ჩემპიონობისთვის (!) გააგრძელებს. აქამდე ჩვენი ახალგაზრდები მხოლოდ ელიტაში დასარჩენ პლეი-ოფში გადიოდნენ და იქ მიზანს კი აღწევდნენ, მაგრამ ტურნირის მსვლელობისას მეტზე ფიქრი, ცოტა არ იყოს, არარეალური იყო. ახლა კი ასეთი ამბავია…

თანაც თუ სხვა ჯგუფებს გადავხედავთ, ქართველებივით მაგარი რაგბი სამხრეთ აფრიკაში 1-2 გუნდს თუ უთამაშია. ამდენად მართლა აფსუსი იქნება ჩვენი ბიჭების წარუმატებლობა.

No description available.იტალიელების ბონუსით დამარცხებაც ისეთი რამაა, ადრე რომ სასაცილო იქნებოდა. ახლა კი, რატომაც არა? აქ პროგნოზის გაკეთება მეტად რთულია. სტარტზე პატარა „აძური“ არგენტინასთან 15:43 რომ შერცხვა, ამასაც გამართლება აქვს – თამაშის დებიუტშივე წითელი ბარათით რომ დაკარგავ მოთამაშეს, მერე ტოლ-სწორად ბობოლა მეტოქესთან ბრძოლა შეუძლებელია…

იტალიასთან საქართველოს უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება 2 მარცხის წილ. თან მოგება 2016 წლითაა დათარიღებული, როცა ჩვენს გუნდში ამომავალი ვარსკვლავები უხვად იყვნენ – გორგაძე, ლობჟანიძე, აფრასიძე, ცუცქირიძე და მრავალი სხვა. მერე კი, 2019-ის ჩემპიონატზე უკვე იტალიელებმა იმარჯვეს, ხოლო შარშან იტალიის 20-წლამდელებმა ჩვენს 18-19 წლის ბიჭებს გაფართოებულ 20-წლამდელთა „ექვს ერზე“ აჯობეს.

წლევანდელ „ექვს ერზე“ ამ იტალიამ მესამე ადგილი დაიკავა და წინ მხოლოდ ირლანდია და საფრანგეთი გაუშვა. მოკლედ, რთული თამაში გველის, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ისეთი მენტალური მდგრადობა გამოავლინეს, რომ ამათზეა ნათქვამი – შეუძლებელი არაფერიაო!

თამაში 4 ივლისს 13 საათზე დაიწყება.

საქართველოს 20-წლმდელთა ნაკრების შემადგენლობა იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში:

  1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (კაპიტანი, ბაიონი), 8. ნიკა ლომიძე (ბაიონი), 9. დავით ხუროშვილი (ლელო),10. პეტრე ხუციშვილი (ორიაკი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 14. ლუკა ხორბალაძე (ლიონი), 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბაიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).