საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამამულო რაგბის ისტორიის მორიგი საამაყო გვერდი დაწერა. მეტიც, უმცროსი ბორჯღალოსნები ამ ბოლო წლებში ისეთ საოცრებებს სჩადიან, რაგბის ისტორიაში მათი კუთვნილი თავი განსაკუთრებით საამაყოა.
ჩვენმა ბიჭებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ ზედიზედ მეორე მაგარი მატჩი ჩაატარეს და თუ სტარტზე მასპინძლებთან უიღბლობის ხარჯზე 10-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, ხუთშაბათს არგენტინის 20-წლამდელები პირწმინდად დაჯაბნეს და „ნულზეც“ დატოვეს – 20:0!
თამაშის ხარისხი არც წინა მატჩში იყო დასაწუნი, მაგრამ მწვრთნელმა უკეთ იცის – ლადო კილასონიამ დანახული ხარვეზების აღმოფხვრაზე საფუძვლიანად იმუშავა – ისე, რომ ფორტუნასაც ვერაფერი დაეკლო. გუნდმა „პუმიტასის“ წინააღმდეგ პრაქტიკულად უნაკლოდ ითამაშა და მეტოქის ქულების დაგროვების ერთადერთი შანსი მისცა, რომელიც მგეზავმა ბარონიომ ცუდი დარტყმით გაანიავა. ჩვენებმა კი თავისი შანსების ნახევარი მაინც გამოიყენეს.
პირველი ლელო ლუკა ხორბალაძემ გაიტანა – მე-19 წუთზე ფრთაზე არგენტინელთა უხეირო პასი ჩაჭრა და ლელომდე ეულად ირბინა. უბრთიც ძელებსშუა დაამიწა, რათა სინბინიდან ახალდაბრუნებულ პეტრ ხუციშვილს გარდასახვა გაიოლებოდა – 7:0!
წინასწარ ვთქვათ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნების მგეზავმა არგენტინასთან კარში უნაკლოდ ურტყა – გარდასახვებიც და ჯარიმებიც ზუსტად შეასრულა, რაც აფრიკელებთან არ გამოუვიდა.
მერე სასტარტო კვაჭმა ნიკა ბაბუნაშვილმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ორიაკელმა ბასა ძნელიძემ მალევე უმძლავრესი ქართული მოლი კიდევ ერთი ლელოთი დააგვირგვინა. მოლი ზედ კიდესთან შევიდა ჩათვლის მოედანზე და ხუციშვილს გარდასახვის შესრულებამ ლამის პირითი ხაზიდან მოუწია, მაგრამ ახალი ხონელიძის მომავალ თანაკლუბელს ფეხი არ აუკანკალდა – 14:0!
მეორე ტაიმში ქართველთა უპირატესობა უკვე ტოტალური იყო, ახალგაზრდა „პუმებს“ უძლურებისგან თანდათან სასოწარკვეთა დაეტყოთ, ხუციშვილმა კი ქართული შერკინების კოლოსალური უპირატესობა ორჯერ ზუსტი საჯარიმო დარტყმით კიდევ 6 ქულა „გააკეთა“. უმცროსი ბორჯღალოსნები ლელოზე იყვნენ დაგეშილები, რამდენიმეჯერ მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ 20:0-ს დასჯერდნენ, თუ შეიძლება ამ სიტყვის მოშველიება, როცა ასეთი ანგარიშით არგენტინას ამარცხებ!
სამწუხარო კი ისაა, რომ სატურნირო ცხრილში ქართველები ფსკერზე დაეშვნენ – პირველ ტურში არგენტინელებთან შერცხვენილმა იტალიამ სამხრეთ აფრიკას 34:26 სძლია, 4 ლელო გაიტანა და ბონუსიც მიიღო. უმცროს „ქურციკებს“ ჩვენთან დაგროვილ 4 ქულას იტალიელებთან დადებული 4 ლელოსთვის პრემიელური ქულა დაემატა და მათაც 5 გაუხდათ. არგენტინელებს ხომ ისედაც 5 ჰქონდათ, ხოლო საქართველოს 4 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეცაა. აი, რა ფასი აქვს სამხრეთ აფრიკასთან განიავებულ 2 ბონუს-ქულას…
თუმცა, დაკარგული ჯერ არაფერია: 4 ივლისს, პარლის „ბოლანდ პარკზე“ იტალიას ვხვდებით და ეს ჩვენი შანსია!