საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი იცვლება. დღეს მენეჯერებს მოთამაშეებზე არანაკლები ფასი ადევთ. ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ ტელეკომპანია „სქაის” გადაცემა Calciomercato-ში „ნაპოლის” დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის შესახებ ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ჯიუნტოლის „იუვენტუსში” სურს გადასვლა მაგრამ „ნაპოლისგან” ჯერ ოფიციალურად არ არის გათავისუფლებული. მას უნდოდა 30 ივნისამდე მოეგვარებინა ეს საკითხი, რათა 1 ივლისიდან უკვე ტურინში შესდგომოდა საქმეს, მაგრამ დაბრკოლდა.
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იუვენტუსელებს შეუთვალა, თუ ჯიუნტოლის წაყვანა გინდათ, პიოტრ ჟიელინსკი იყიდეთ და მე გათავისუფლების ქაღალდს ხელს მოვაწერო. „ბებერ ქალბატონს” კი პოლონელი ნახევარმცველი არაფერში სჭირდება. მას ადრიენ რაბიო ჰყავს, რომელსაც ახლახან ერთი წლით გაუხანგრძლივა ხელშეკრულება. რაბიოს გარდა „შავ-თეთრ” გუნდში თამაშობენ ახალგაზრდები ნიკოლო ფაჯოლი და ფაბიო მირეტი, ასე რომ „იუვეს” ჟელინსკი არ აინტერესებს. გარდა ამისა, იტალიის ოცდათექვსმეტგზის ჩემპიონი ჯიუნტოლიში ფულის გადახდას არ აპირებს. შეთანხმების თანახმად მენეჯერმა თავი უნდა გამოისყიდოს.
ახლა კი იმის შესახებ, თუ რატომ შესთავაზა დე ლაურენტისმა ტურინელებს თავისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. საქმე ის გახლავთ, რომ ჟელინსკის კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლოს იწურება ანუ გაისად ამ დროს ის თავისუფალი აგენტი გახდება და ნეაპოლიდან ისე წავა, რომ კლუბში კაპიკსაც არ დატოვებს. შესაბამისად დარჩენილია ორი გზა: ფეხბურთელთან თანამშრომლობის გახანგრძლივება ან მისი გაყიდვა. თანამშრომლობის გაგრძელება კი არ გამოდის, მხარეებს შორის მოლაპარაკება კარგა ხანია ჩიხშია შესული.