No description available.უმცროსი ბორჯღალოსნების აფრიკული თავგადასავალი ხუთშაბათს გაგრძელდება. იგივე სტელენბოსში, უკვე ნაცნობ „დენი ქრეივენზე“ ლადო კილასონიას რაზმს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდება.

სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მიმდინარე „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ უიღბლობის გამო დარჩა უქულოდ – 23:33. როგორც ადრეც ვწერდით, ქართველებს მოგება თუ არა, სულ მცირე 2 ბონუს-ქულის მიღებაც შეეძლოთ, თუმცა…

არგენტინელმა 20-წლამდელებმა კი ტურნირი რიხიანად დაიწყეს – იტალიელ თანატოლებს ორის წილ ექვსი ლელო გაუტანეს და 43:15, ბონუსით იმარჯვეს.

საქართველოსა და არგენტინის 20-წლამდელები აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, ორივე ჯერ – თბილისში, 2017 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველი, ჯგუფური ეტაპის მატჩი არგენტინელებმა 37:26 მოიგეს, მეორედ კი უმცროსი ბორჯღალოსნები და „პუმიტასი“ ერთმანეთს ორიოდე კვირის შემდეგ, მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ და აქ კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა – ქართველებმა 26:25 მოიგეს და სამხრეთამერიკელები ელიტიდან გავადნის პირას დატოვეს. საბოლოოდ ჩვენმა ბიჭებმა მე-10 ადგილი დაიკავეს, ხოლო არგენტინელები გავარდნას სამოელების დამარცხების ხარჯზე გადაურჩნენ.

No description available.დღეს ორივე გუნდი – არგენტინაც და საქართველოც უფრო მაღალ დონეზე თამაშობს და მათი მორიგი დაპირისპირება დიდ ინტერესს მთელ სარაგბო სამყაროში იწვევს.

მატჩი 18 საათზე დაიწყება, ქვემოთ კი ლადო კილასონიას სამწვრთნელო შტაბის მიერ შერჩეულ 23-ეულს გაგაცნობთ:

1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური(გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (კაპიტანი, ბაიონი), 8. ნიკა ლომიძე (ბაიონი), 9. დავით ხუროშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ორიაკი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლიონი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო).

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).