ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურებიც თამაშდება.
2024 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირში 16 ნაკრები ითამაშებს, აქედან ევროპა ოთხი გუნდი იქნება წარმოდგენილი. ამ ოთხიდან ერთი გუნდი ცნობილია – მასპინძელი საფრანგეთი. ასე რომ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიადის სამი საგზური გათამაშდება.
შესაბამისად, ოლიმპიადაზე მოსახვედრად საჭიროა პირველი სამი ადგილიდან ერთ-ერთის დაკავება, თუმცა არსებობს ვარიანტი, რომ ლიცენზია მეოთხედფინალში გასულმა გუნდმაც მიიღოს.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს ინგლისის ნაკრები, მაგრამ ის ვერ მიიღებს ოლიმპიადის საგზურს, ვინაიდან ასეთი უფლება მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრს – დიდ ბრიტანეთს აქვს და არა ინგლისს. ოლიმპიურ თამაშებზე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული გუნდი გამოდის (ინგლისი, შოტლანდია, ჩრდ, ირლანდია, უელსი).
შესაბამისად, საფრანგეთი (ოლიპიადის მასპინძელი) და ინგლისი ოლიმპიადის საგზურისთვის ვერ იბრძოლებენ. აქედან გამომდინარე, ევრო 2023-ზე არის რამდენიმე ვარიანტი ევროპიდან ოლიმპიადის მონაწილის გამოსავლენად:
. თუ საფრანგეთიდან და ინგლისიდან მხოლოდ ერთი გავა ნახევარფინალში, ოლიმპიადაზე დანარჩენი სამი ნახევარფინალისტი მოხვდება;
. თუ ნახევარფინალში საფრანგეთი და ინგლისი ვერ მოხვდებიან, მაშინ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის ნახევარფინალებში დამარცხებულებს შორის;
. თუ ნახევარფინალში ერთდროულად გავლენ საფრანგეთი და ინგლისი, გაიმართება დამატებითი მატჩი ოლიმპიური საგზურისთვის მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან საუკეთესო გუნდებს შორის.
წაგებული მეოთხედფინალისტებიდან ორი საუკეთესო გუნდი შემდეგი კრიტერიუმებით აირჩევა:
. საუკეთესო პოზიცია ჯგუფში;
. ქულების მეტი რაოდენობა ჯგუფში;
. ბურთების უკეთესი სხვაობა ჯგუფში;
. გატანილი გოლების მეტი რაოდენობა ჯგუფში;
. ბურთების უკეთესი სხვაობა მეოთხედფინალურ მატჩში (ძირითადი დრო);
. გატანილი გოლების მეტი რაოდენობა მეოთხედფინალურ მატჩში (ძირითადი დრო);
. დისციპლინარული მახასიათებლები;
. საუკეთესო პოზიცია უეფა-ს რეიტინგში.
საჭიროების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩი 7 ან 8 ივლისს ბუქარესტში გაიმართება.