Osimhen Naples„ნაპოლიში” ცხელი დღეებია. ახლოვდება ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის პერიოდი და კლუბი ცდილობს ახალ მწვრთნელს რუდი გარსიას რაც შეიძლება კარგი შემადგენლობა მოუკრიბოს. თუმცა, პირველი, რაც ნეაპოლელთა სატრანსფერო აქტივობაში გამოიკვეთა, ყიდვა კი არა, გაყიდვაა. კორეელი ცენტრალური მცველი კიმ მინ-ჯაე სავარაუდოდ „ბაიერნში” გადადის. მიუნხენის კლუბი მზად არის მის გამოსასყიდად დაწესებული 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ცნობისათვის, კიმის გამოსასყიდი თანხა 15 ივლისამდეა ძალაში.

თუმცა ფეხბურთელი, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში ყველაზე მეტს წერენ, ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელს საუცხოო სეზონი ჰქონდა. ის 26 გოლით სერია A-ს საუკეთსო ფეხბურთელი გახდა და გამოუჩნდა უცხოეთის ტოპ-კლუბში გადასვლის რეალური შესაძლებლობა. მისი გადაბირებით დაინტერესებულები არიან პრემიერლიგის კლუბები: „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ჩელსი”, „ნიუკასლი” და ბოლო ხანს შემატებული „ლივერპული”. ყველაზე მეტად კი ოსიმენის შეძენით ალბათ მაინც „პარი სენ ჟერმენია” დაინტერესებული და ეს ინტერესი ერთიორად გაიზრდება თუ პარიზული კლუბი „რეალს” კილიან მბაპეს მიჰყიდის.

„ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ნიგერიელის შენარჩუნება უნდა, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ თუ ვინმე 150 მილიონ ევროს შესთავაზებს, ფორვარდს შეელევა. დე ლაურენტისმა ოსიმენს უკვე შესთავაზა ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება, მაგრამ მოთამაშეს და მის აგენტ რობერტო კალენდას გასამრჯელო ეცოტავათ. მათი აზრით, ფეხბურთელს, რომლის საშუალებითაც 150 მილიონი ევროს შოვნას აპირებ, მეტს უნდა უხდიდე ვიდრე ახლანდელი 4,5 მილიონი ან შეთავაზებული 6 მილიონია.

ოსიმენი ევროპაში მოთამაშე თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა და აქა-იქ იწერება, რომ მომავალი მას და ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნით.

და აი, დე ლაურენტისის ბოლო იდეა: მან კალენდას ხელფასის კიდევ უფრო გაზრდა და კონტრაქტში გათავისუფლების უფლების ჩაწერა შესთავაზა. ამან შესაძლოა ვითარება შეცვალოსო, წერენ იტალიური წყაროები.