დაიწყო შვებულებების პერიოდი და როგორ ფიქრობთ, სად ისვენებს „ნაპოლის” ტრიუმფატორი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ოჯახთან ერთად? თუმცა, სანამ ამას ვიტყოდეთ…
…სპალეტიმ „ნაპოლის” 33-წლიანი წვალების შემდეგ ნანატრი სკუდეტო მოაგებინა — ისტორიაში მესამე, რომელსაც კაცმა რომ თქვას არავინ ელოდა. სეზონის ბოლოს კი ჩერტლადოელმა სპეციალისტმა ყველასთვის მოულოდნელად გუნდი დატოვა. მან განაცხადა, რომ ერთი წელი უნდა დაისვენოს. „აძურის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელი უპოვა — ფრანგი რუდი გარსია, რომელმაც თუ spazionapoli-ს დავესესხებით, ფოტოფინიშით აჯობა თანამემამულე კრისტოფ გალტიეს.
და აი, „გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, სპალეტი და დე ლაურენტისი კვლავ ერთად ნახეს… ეს იყო დეჟავიუ. ისინი იყვნენ ერთ სასტუმროში, „რეჯინა ისაბელაში”. ეს სასტუმრო მდებარეობს ნეაპოლთან, კუნძულ ისკიაზე, ლაკო ამენოში, სადაც დე ლაურენტისს შვებულების გატარება უყვარს.
გადადგომის შემდეგ სპალეტი აგერ უკვე მეორედ ჩავიდა ნეაპოლში — იქაურობა არ ეთმობა. ამ ხნის მანძილზე ის დე ლაურენტისს პირველად „მარადონაზე”, Coldplay-ს კონცერტზე შეხვდა, მეორედ კი ზემოხსენებულ სასტუმროში. სპალეტი ისკიაზე გულშემატკივრებს ეგებება, ავტოგრაფებს არიგებს და სელფებს იღებს — სახალხო სიყვარულით ტკბება.
შეგახსენებთ, რომ „მისტერის” გადადგომიდან ცოტა ხანია გასული. მისი და დე ლაურენტისის ცნობილი ბიზნეს-სადილი, სადაც სპალეტის „ნაპოლიდან” წასვლა გადაწყდა, 13 მაისს გაიმართა. ოფიციალურად ის 4 ივნისს გადადგა. გამოსათხოვარ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა: „მე დიდი სიყვარულის გამო მივდივარ. მე თქვენ assaje მიყვარხართ. გმადლობთ, guagliu.
assaje და guagliu ნეაპოლური სიტყვებია. პირველი ნიშნავს „ძალიან”, მეორე კი — „კარგად, ბიჭებო”.