მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ ორი ოქრო მედალი მოიპოვა. თუ ფარიკაობაში სანდრო ბაზაძისგან ეს არ გვიკვირს, ტაეკვონდოში ზურაბ კინწურაშვილის ჩემპიონობა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

ბაზაძემ ჯგუფი პრობლემების გარეშე გაიარა, ფლეი ოფში კი, ბერძენი ანგელოს პაკგალოსი (15:4), უნგრელი ანდრაშ შატმარი (15:9) და უკრაინელი ანდრეი იაგოდკა (15:11) მიყოლვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლონდონის, რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს ოლიმპიადების გამარჯვებულს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონ არონ სილაგის გადაეყარა, ვისაც 15:13 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელთა ფავორიტს, პოლონელ კრშიშტოფ კაცკოვსკის ასეთივე ანგარიშით სძლია.

კინწურაშვილმა (74 კგ) ჩემპიონის ტიტულისკენ სვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ირლანდიელი ლეროი ნსილუ დილანდუ 13:9, 12:3 დაამარცხა; მეოთხედფინალში ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონს, ესპანელ დანიელ კუესადა ბარერას 5:4, 4:4 სძლია; ნახევარფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის ფინალისტი, სერბ სტეფან ტაკოვი 2:2, 11:10 დაამარცხა; ფინალში კი, ბოსნია-ჰერცეგოვინელ ნეძად ჰუსიჩს 10:7, 6:4 მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.