No description available.საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მასპინძელ თანატოლებთან 23:33 კი დათმეს, მაგრამ მსოფლიო რაგბის ამ ფორუმზე ფურორი ნამდვილად მოახდინეს. ჩვენს ბიჭებს ოდნავ რომ გამართლებოდათ და „პატარა  ქურციკთა“ მგეზავ იან სმითს ოდნავ ნაკლები სიზუსტით ერტყა კარში, ანგარიში სულ სხვაგვარი იქნებოდა.

სამხრეთაფრიკელმა 7-ჯერ დაარტყა ქართულ კარში და ყველა ზუსტად. სმითმა მასპინძელთა სამივე ლელო გარდასახა და გარდა ამისა, 4 ჯარიმაც გაიტანა. ჯამში იან სმითმა 18 ქულას მოუყარა თავი, ანუ გუნდის მიერ დაგროვილი ქულების ნახევარზე მეტი.

არადა ლადო  კილასონიას ბიჭებმაც სამჯერ დაალელოვეს მეტოქე, მაგრამ პეტრე ხუციშვილმა მხოლოდ პირველი ლელო გარდასახა და ჯარიმაც მხოლოდ 2 გაიტანა. სწორედ ამ ფაქტმა შექმნა ანგარიშში 10-ქულიანი სხვაობა, თორემ შეიძლება ითქვას, რომ ქართველებმა უდიდეს სენსაციასთან ძალიან ახლოს გაიარეს.

მე-13 წუთზე ჩვენმა კაპიტანმა და „ბაიონის“ მესამეხაზელმა ლაშა ციხისთავმა პარტნიორების დახმარებით ძალისმიერი ლელო გაიტანა, რომელიც „ორიაკში“ ახლახან გადასულმა ხუციშვილმა უნაკლოდ გარდასახა. ამ მომენტში ანგარიში 10:7 გახდა.

ტაიმის ბოლომდე აფრიკელებმა კიდევ ერთი, მეტად ეფექტური ლელო დაგვიდეს, სმითმა, ცხადია, გარდასახა, თანაც ურთულესი პოზიციიდან, რასაც მოგვიანებით ერთი ზუსტი ჯარიმაც დაურთო. 20:7 – ასეთი ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმი კი ქართველთა სრული დომინაციით აღინიშნა. ჩვენი ბიჭები მრისხანე მეტოქეს ყველა სათამაშო კომპონენტში აღემატებოდნენ და ჰაერში სენსაციის სუნიც დატრიალდა. ამუშავდა ქართული შერკინება, რომელმაც უბრალოდ წალეკა აფრიკული. 45-ე წუთზე ხუციშვილმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიშში ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა – 10:20. 58-ეზე კი გუნდის ლამაზი შეტევა ფლანგზე ცირეკიძემ დააგვირგვინა. სამწუხაროდ, ხუციშვილმა რთული პოზიციიდან ააცილა და ანგარიში 20:15 გახდა. აფრიკელები კვლავაც წინ იყვნენ, მაგრამ თავს რის ვაი-ვაგლახით იცავდნენ და ხშირადაც ჯარიმდებოდნენ. ამის გამო მათ ერთი მორაგბე გაუსინბინეს და ხუციშვილმა ეს რიცხობრივი უპირატესობა უმალ გამოიყენა – ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა – 18:20. წინ იყო 9 წუთი კაცნაკლული მეტოქის წინააღმდეგ. მაგრამ სწორედ აქ მოხდა ალოგიკური რამ. რეფერიმ რატომღაც ზედიზედ ორჯერ დაგვაჯარიმა, ორივე შემთხვევაში მეტად საკამათო ვითარებაში. ჰოდა, სმითმა ორივე შანსი უნაკლოდ გამოიყენა – 26:18. როცა გასინბინებული რენენი დასაბრუნებლად ემზადებოდა, ჩვენს ბიჭებს კონტრიერიში გაეპარათ და ჰოკერმა მესამედაც დაგვალელოვა. სმითმა არც ამ ჯერზე ააცილა და თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე თავისი გუნდი ქართველებს კომფორტულად დააშორა – 33:18.

No description available.თუმცა უმცროსი ბორჯღალოსნები არ დანებებულან და მაგრად შეუტიეს. უკვე 3 წუთში ნიკა ბაბუნაშვილმა მესამე ქართული ლელო გაიტანა, რომელიც გელა ხელაძემ ვერ გარდასახა. დარჩენილ დროში ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთი ლელო რომ გაეტანათ, 2 ბონუს-ქულას მიიღებდნენ – 4 ლელოს გატანისთვისა და 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს აფრიკელებმა თამაში არიეს და ასეთ ვითარებაში სრულფასოვანი შეტევის ორგანიზება ვეღარ მოხერხდა – 33:23 მასპინძელთა სასარგებლოდ.

მიუხედავად მარცხისა, როგორც ამ მიმოხილვის თავში ითქვა, ქართველებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს – ასეთ ძლიერ თამაშს მათგან არავინ ელოდა.

მომდევნო მატჩს ლადო კილასონიას გუნდი იგივე სტელენბოსში ხუთშაბათს, 29 ივნისს არგენტინის ნაკრებთან გამართავს. დასაწყისი – 18:00-ზე.

არგენტინელებმა პირველ ტურში იტალიის ნაკრები 43:15 გაანადგურეს და ბონუსიც მიიღეს, რამაც უმცროსი „პუმები“ პულის ცხრილის სათავეში მოაქცია.

https://www.facebook.com/watch/?v=3582922268644899