
spazionapoli წერს, რომ „ნაპოლის” სატრანსფერო ციებ-ცხელება თანდათანობით მწვერვალს უახლოვდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ირვინგ ლოსანოს შემცვლელის პოვნაა.
მექსიკელი გარემარბის შეძენით არაბული კლუბები არიან დაინტერესებულები. ისინი ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ჩაკი” წინადადებებს განიხილავს, „ნაპოლი” კი მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს.
იმ შემთხვევაში თუ ლოსანო გაიყიდება, „პარტენოპეელები” „რეალ სოსიედადიდან” ტაკეფუსა კუბოს გადმობირებას შეეცდებიან — ეს ინფორმაცია გუშინ „გაძეტა დელო სპორტმა” გაავრცელა. იაპონელმა ლა ლიგაში გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი გადააწოდა. მისი შეძენით „ნაპოლის” გარდა სხვა ევროპული კლუბებიც არიან დაინტერესებულები.
კუბო სწრაფია და ტექნიკური. ვარაუდობენ, რომ მას „აძურიში” იმავე როლის შესრულება შეუძლია, რომელსაც „რომაში” 2013-16 წლებში კოტ დ’ივუარელი ჟერვინიო ასრულებდა.
იაპონელის გუნდში აყვანა „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ბიზნესის გაფართოებისთვისაც სჭირდება — მისი მეშვეობით ის აღმოსავლეთის ბაზარზე შეძლებს გასვლას. ახლა ნეაპოლში კუბოზე წერენ, რომ მისი მეტსახელი არის „მეორე მესი” და ხაზს უსვამენ, რომ ის სხეულითაც კი ჰგავს არგენტინელს.