მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გამართულ გრანდ სლემზე სამი ქართველი ძიუდოისტი ჩავიდა და კვარცხლბეკზე მხოლოდ ერთი მათგანი ავიდა.
როგორც „ჩვევია“, ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებურმა გერმანელი კილიან კაპელმერი, პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა და იაპონელი აარონ ვულფი მიყოლებით დაამარცხა.
ფინალში ლიპო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მასპინძელ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაეჭიდა. მონღოლმა ძიუდოისტმა ჩვენებური კონტრილეთზე დაიჭირა და ოქროს სახლში დაიტოვა.
ამავე წონაში ონისე სანებლიძემ ყაზახ ნურლუხან შარხანსა და გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს იპონებით მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში რუს არმან ადამიანთან წააგო, რის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უკვე პოლონელ პიოტრ კუჩერასთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
მძიმე წონაში საბა ინანეიშვილმაც კარგად დაიწყო: ჯერ გერმანელი ერიკ აბრამოვი დაამარცხა, შემდეგ იაპონელ ჰიოგა ოტას იპონით მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა, ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა.