ესპანური პორტალი plazadeportiva წერს, რომ „ვალენსიას” ხელმძღვანელობას ნერწყვი მოსდის, ერთი სული აქვს როდის გაყიდის გიორგი მამარდაშვილსა და ამერიკელ ნახევარმცველ იუნუს მუსას. „ღამურების” 2023-24 წლების პროექტი დიდწილად მათი გასხვისებით შემოსულ თანხებზეა დამოკიდებული.

ამრიგად, ქართველსა და ამერიკელს სტრატეგიული დანიშნულება აქვთ, მაგრამ სხვადასხვა აგენტები ამბობენ, რომ „ვალენსია” რთულ დღეშია და ამიტომ მისინებისმიერი ფეხბურთელი შესაძლოა უეცრად სხვა გუნდში აღმოჩნდეს გაყიდული. იმავე წყაროების ინფორმაციით, კლუბი დაბლოკილია და სანამ ვინმეს არ გაყიდის, ფინანსურად ვერ გატოკდება.

„მამას” (ჩვენებურად მამარდას) გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, თუმცა აგენტებისა და შუამავლების ინფორმაციით „ჩეები” მას გაცილებით ნაკლებადაც შეელევიან. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის „მესტალიაზე” 2021 წელს ძალიან იაფად გადავიდა — ესპანურ კლუბს მილიონიც კი არ დაჯდომია.

Transfermarkt-ის ბოლო შეფასებით ქართველი მეკარის რეალური ფასი 25 მილიონი ევროა. ეს დაახლოებით ის თანხაა რომელსაც მის სანაცვლოდ ინგლისური პრემიერლიგის კლუბები იხდიან. აპრილში, როდესაც შეიტყვეს, რომ „ვალენსიას” პატრონი ორგანიზაცია „მერიტონ ჰოლდინგი” გოლკიპერს გაყიდვას უპირებს, მამარდაშვილის წარმომადგენლები ბრიტანეთში ჩავიდნენ და ბაზარი შეისწავლეს.

ორიოდ თვის წინ სატრანსფერო საქმეთა სპეციალისტები წერდნენ, რომ გიორგის ყიდვით დაინტერესებულები იყვნენ „ლესტერი”, „ტოტენჰემი” და „ჩელსი”. შემდეგ „ვესტ ჰემი”, „ასტონ ვილა” და „მანჩესტერ იუნაიტედიც” ახსენეს.

ამ კვირაში ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „ჩელსის” სენეგალელი მეკარე ედუარ მენდი საუდის არაბეთში მიდის და მამარდაშვილს „სტემფორდ ბრიჯზე” შეიძლება ბასკ კეპა არისაბალაგასთან მოუწიოს კონკურენცია.

ბოლო ინფორმაციათა შორისაა ისიც, რომ „ბრენტფორდმა” ესპანელი დავიდ რაიას სანაცვლოდ „ტოტენჰემს” 46 მილიონი ევრო მოთხოვა და ჩრდილოეთ ლონდონის კლუბი უგო ლორისის შემცვლელად მთავარ კანდიდატად მამარდას განიხილავს.

„სფურზს” სამარქაფოდ აქვს კიდევ ერთი იაფი ვარიანტი. ეს გახლავთ ისევ და ისევ ესპანელი გოლკიპერი რობერტო სანჩესი, რომელიც „ბრაიტონში” თამაშობს.

„მანჩესტერ იუნაიტედი” „ინტერიდან” ანდრე ონანას გადაბირებითაც არის დაინტერესებული. სავარაუდოდ, მანკუნიანელთა მთავარი სამიზნე ის უნდა იყოს.

plazadeportiva-ს ვერსიით „ვალენსიაში” მამარდაშვილს „კრისტალ პალასში” მოთამაშე ვისენტე გუაიტა შეცვლის.