John McGinn of Scotland is seen in action during the UEFA EURO 2024 qualifying round group A match between Scotland and Georgia at Hampden Park on...ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრას, რომელშიც შოტლანდიის ნაკრებმა საქართველოს 2:0 მოუგო, სქოთურ პრესაში კვლავ უბრუნდებიან. ამ შეხვედრის მთავარი მოვლენა გახლდათ წვიმა და დატბორილი მოედანი, რის გამოც თამაში საათნახევრით შეწყდა.

თემას გაზეთი „სქოთსმენი”  უბრუნდება. მის ფურცლებზე „ასტონ ვილასა” და შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ჯონ მაკგინი ამბობს: „დიდებული საქმე შეასრულა იმ ხალხმა, ვინც მინდორს მიხედა. მინდოდა მათთვის ხელი ჩამომერთმია, მაგრამ ნება არ დამრთეს. გლაზგოში ორი კვირა წვეთი არ ჩამოვარდნილა და ასეთ თქეშს არავინ ელოდა. მე პირადად არ ველოდი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე სიურეალისტური დღე იყო.

მოედანზე დაბრუნებულებს ყურადღება თამაშზე უნდა მოგვეკრიბა, რაც ძალიან ძნელი იყო. გამოგიტყდებით, რომ ფრიად მშიერი ვიყავი. ხუთის ნახევრის მერე ლუკმა არ ჩამედო პირში. ისეთი რაღაცები მოხდა, რისთვისაც მზად არ ვიყავით, მაგრამ ვფიქრობ თავი ყველაფერს კარგად გავართვით. ეს იყო პირწმინდად მენტალური ბრძოლის საღამო. ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ, აი, გულშემატკივრებს კი უხერხულობა შეექმნათ. მათ ხომ სახლებში დასაბრუნებლად თავიანთი ავტობუსებისთვის და მატარებლებისთვის უნდა მიესწროთ. ფეხბურთელებს რა გვიჭირდა, ჩვენ როცა დაგვჭირდა თავზე ჭერიც გვქონდა და ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა”.

მაკგინი აღიარებს, რომ შეხვედრა 19:45-ზე არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რაკი დაიწყო, მერე, რაც მოხდა ის უფრო იყო საღ აზრთან ახლოს, ვიდრე ბუნდოვანი იდეები მატჩის სახვალიოდ გადადებასთან და „სენტ მირენის”  სტადიონზე დამთავრებასთან დაკავშირებით.

„შვება ვიგრძენით, რადგან შეხვედრა თუკი დაიწყო, უნდა დამთავრდეს კიდეც. უცნაური იქნებოდა, თამაში მეორე დღისთვის რომ გადაეტანათ და „სენტ მირენ პარკზე” დახურულ კარს მიღმა დაგვესრულებინა. მე და რობოს (ენდი რობერტსონს) მეორე დღეს საქველმოქმედო გოლფის თამაში გვქონდა დანიშნული და მისი გადადება მოგვიწევდა. ამას საგანგებო მდგომარეობის გარდა არავითარ შემთხვევაში არ ვიზამდით. არადა, რეალური საშიშროება იყო, რადგან სათადარიგოები შემოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ბურთი მოედანზე არ დახტოდა”.