Image 55

წუხელ, წასაგები თამაში წავაგეთ. მეტიც, ჯერ კიდევ სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ნათელი იყო რომ წავაგებდით. გასაკვირი ეს წაგება კი არ არის, გასაკვირი ის არის, რომ ნორვეგიასთან ქულა გადავარჩინეთ და კვიპროსში, რომელსაც ქართული ენის უცოდინარი ქართველები კიპრს ეძახიან, მოვიგეთ. ქართულის არცოდნა ტყუილად არ მიხსენებია. საკუთარი ენის არცოდნა, საკუთარი თავის უპატივცემულობაა. საკუთარი თავის უპატივცემულობა კი უთავმოყვარეობაა. უთავმოყვარეოს რაიმე ფასეულის შესაქმნელად არც მისწრაფება თუ ჟინი გააჩნია, უთავმოყვარეოს, რომელიც საკუთარს არ აფასებს ან უარესი – აბუჩად იგდებს, უცხოც უპატივცემულოდ ექცევა. დღესდღეობით კი პატივმოყვარეთა ცვენაა თორემ თავმოყვარე, ღირსეული კაცი სანთლით საძებნელი გაგვიხდა ჩვენდა სავალალოდ. ვინც ვერ ან არ ხედავს, რომ ჩვენს ნაკრებს მწვრთნელი არა ჰყავს, წუხელაც მხოლოდ ავდარს (თითქოს მხოლოდ ჩვენთვის იყო ავდარი), უიღბლობასა თუ რაიმე სხვა “გარეშე ფაქტორებს” დაინახავდა. სამწუხაროა. არადა ბარე წელიწადზე მეტია ვამტკიცებ, ვილი სანიოლის შესაძლებლობები, მისი სამწვრთნელო კვალიფიკაცია, კარგა ხანია უხილავ ჭერს მიებჯინა და ზემოთ ვეღარ მიდის. ამას ახლა, წაგების მერე კი არ ვამბობ, ამას მოგებული თამაშების მერე ვამბობდი და ვწერდი. წაუგებელი სერიის დროს! სამი დღის წინ კვიპროსში მოგებული შეხვედრის მერეც! აი, გამგონე იყო პრობლემა. თითებზე ჩამოსათვლელი კაცი თუ მისმენდა, ისიც უნდობლად. დასანანი ის კი არ არის, რომ ჩემს ნათქვამს არ შეისმენდნენ, დასანანი ის გახლავთ, რომ აშკარას ვერ ხედავდნენ ან არ აღიარებდნენ. თავის მოტყუება კი დამღუპველია. საღი ანალიზის შესაძლებლობა და ყველაზე ძვირფასი, დრო იკარგება!

განვლილის ანალიზის უგულებელყოფას წუხელ გლაზგოში მომხდარამდე მივყევართ. ხოლო დროის დაკარგვა კი, თავის მხრივ, ამ ნიჭიერი თაობის დაკარგვის ნამდვილ საფრთხეს ქმნის!!! ამ ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის იმედი დიდი ხანია აღარ მაქვს. გული იმაზე მწყდება, რომ ფეხბურთზე მწერალნი თუ მოლაპარაკენი, ისინი ვინც საკუთარ თავს სპორტულ ჟურნალისტებად თვლიან, უმრავლეს შემთხვევაში რეალობას მოწყვეტილნი არიან და ზოგადად ჩვენი ფეხბურთისა თუ კონკრეტულად ნაკრების პრობლემის რეალურ მიზეზებს არ ან ვერ ეხებიან. ამას კი ჩვეულებრივი გულშემატკივრების ნაწილიც შეცდომაში შეყავს. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც მოვისმენთ თუ წავიკითხავთ თითიდან გამოწოვილ მიზეზებს ამ უსახური, უღიმღამო თამაშისა და ჩვენსაზე არანაკლებ პრიმიტიულ გუნდთან უიმედო წაგების გასამართლებლად. თანაც, გარწმუნებთ, ეს არ იყო შოტლანდიელთა საუკეთესო თამაში! საფეხბურთო საზოგადოების საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება კი ჩვენი ფეხბურთის მომავალს უპერსპექტივოს ხდის! ეს არის და ეს, თორემ თავისთავად ერთი მატჩის წაგება არანაირ ტრაგედიას არ წარმოადგენს, რაღა თქმა უნდა.

არ შემიძლია არ შევეხო ჩვენი ნაკრებისა და გულშემატკივრების მატჩისშემდგომ რიტუალს „ა ლა ისლანდია”. ეს ჩემში მწვავე სირცხვილის გრძნობას იწვევს! სხვისი მაგალითის, გამოცდილების გათვალისწინება, თუნდაც მიღება, დასაშვებია უდავოდ. მაგრამ სხვისი ასე ზედმიწევნით, უტიფრად წამბაძველობა მხოლოდ საკუთარი უუნარობის აღიარებაა და სამარცხვინოა. წმინდა სახის პლაგიატორობაა!

სიტყვა პლაგიატის ლათინური ძირი, ზუსტად მითვისებას, მიტაცებას ნიშნავს. გარდა იმისა რომ პლაგიატი გარკვეულ შემთხვევაში იურიდიულ კატეგორიაში გადადის, ზნეობრივადაც მიუღებელია და დამამცირებელია! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ასწლეულების პრაქტიკა ამტკიცებს — ასლი ვერასოდეს უტოლდება დედანს და ყოველთვის საგრძნობლად უარესია!

Image 75ნუთუ არავინ აღმოჩნდა რომ ეთქვა, ხალხო, სხვისის მითვისება უხერხულია, მოდი რაიმე ჩვენებური მოვიფიქროთო?! ნუთუ ასე რთული იყო ეს ლამაზი შინაარსის რიტუალი ლამაზადვე განხორციელებულიყო?! თუმცა, ისევ იქ ვბრუნდები. ამას ხომ საკუთარის დაფასება და შესაბამისი ხასიათიდან, ჟინიდან გამომდინარე აზროვნება სჭირდება! რაზე ვლაპარაკობ როცა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდების უმრავლესობას საკუთარ ემბლემაზე მხოლოდ ლათინური წარწერები აქვთ და ერთი ქართული ასოც კი არ ურევიათ…

შოტლანდიელები რითი გვჯობიან იცით? ფეხბურთის თამაშის დონით კი არა, ღირსების რეალური შეგრძნებით, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი თავის ჭეშმარიტი პატივისცემით!!! ისინი არასოდეს დაუშვებენ, რომ მათი ნაკრები ვილი სანიოლის მსგავსმა უუნარო მწვრთნელმა მართოს და მასთან კონტრაქტი მათმავე ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებისგან მალულად გაახანგრძლივოს!!!