ახალგაზრდული ევროპირველობა საქართველომ ისე დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით – რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში უპირატესობას პორტუგალიელები კი ფლობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრები თავს ჭკვიანურად იცავდა. მართალია, შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ ორი გოლი გავიტანეთ: ჯერ გიორგი გაგუამ დასაჯა მცველები უყურადღებობისთვის, შემდეგ საბა საზონოვმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიუჩინა კარში ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ორივე გოლზე ასისტენტობა გიორგი წიტაიშვილმა გასწია.

მეორე ტაიმში პორტუგალიამ მაგრად შემოგვიტია. რამაზ სვანაძემ ეს დაინახა და დაცვა კიდევ უფრო „ჩააბეტონა“. პორტუგალიელთა შეტევების სიმწვავემ იკლო, მაგრამ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან მოდუნების უფლება არ გვქონდა.

პორტუგალიელები შეტევებში გაერთნენ და გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ „გაეპარათ“, რაც არაუხოს წითელ ბარათად დაუჯდათ.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს თავის დაცვა არ გასჭირვებია და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჯგუფის მეორე მატჩი ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა და საქართველოს ნაკრების სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.