შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გაირკვა, უეფა-ს კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ქართული გუნდების მეტოქეები. აქ თავიდან 62 კლუბი იასპარეზებს, მატჩები 13 და 20 ივლისს ჩატარდება.
ქართული კლუბებიდან კონფერენციის ლიგაში განთესილი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო” იყო. გორის „დილა” და თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო” განუთესავები გახლდნენ.
„დილას” მეტოქედ სლოვაკური „დუნაისკაი სტრედა” ერგო. პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება, საპასუხო – გორში.
პირველ მატჩს სტუმრად ითამაშებს ბათუმის „დინამოც”, რომელსაც მეტოქედ ალბანური „ტირანა” ამოუვიდა.
სეზონს საშინაო მატჩით გახსნის „ტორპედო”, რომლის მეტოქეც ბოსნიური „სარაევო” იქნება.