Scotland manager Steve Clarke during a UEFA Euro 2024 Qualifier match between Norway and Scotland at the Ullevaall Stadion, on June 17 in Oslo,...უემოციო სტივ კლარკი გარანტიას იძლევა, რომ ის თავის ფეხბურთელებს წარმატებით ტკბობისა და ევრო 2024-ის ოქროს ბილეთის ხელიდან გაშვების ნებას არ მისცემს.

გუშინ შოტლანდიელი ერი ოსლოში მომხდარის გამო ჯერ კიდევ მეცხრე ცაზე დაფრინავდა. მოგეხსენებათ, კლარკის გუნდმა შაბათს, ნორვეგიასთან, შეხვედრის მიწურულს მატჩის ბედი შემოატრიალა და ზედიზედ სამი თამაშიდან ცხრა ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე დამკვიდრდა — შედეგად ის ზემოდან დაჰყურებს ესპანეთს, ხოლო ერლინგ ჰოლანდის იმედი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, ნაკუწებად იქცა.

ეს ყველაფერი ხვალ, საქართველოსთან შინ შეხვედრის შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო მათრობელა გახდეს. კლარკს შეუძლია გახდეს ქვეყნის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელიც შესარჩევ შეჯიბრებას ზედიზედ ოთხი გამარჯვებით დაიწყებს. „ტარტანის ლაშქარი” (ასე ეძახიან სქოთ გულშემატკივარს), უკვე ამზადებს პასპორტებს გაისად ზაფხულზე, გერმანიაში, ფინალურ ეტაპზე გასამგზავრებლად, მაგრამ კლარკი „საკუთარი თავის გასწრებას” გაქვავებული სახით კრძალავს. ჯერ საქმე ბოლომდეა მისაყვანი.

„ერთადერთი რაც ახლა შემიძლია ვცადო ყველას მიწაზე დატოვებაა. ჩვენ შემდეგ თამაშზე უნდა მოვიკრიბოთ მთელი ყურადღება. თუ სამშაბათ საღამოს რაღაც შეგვეშლება — თუ სამ ქულას ვერ მოვიპოვებთ — დავინახავთ, რომ შესარჩევი ციკლის მეორე ნახევარი შეიძლება ძალიან რთული გამოდგეს.

ჩემს კოლექტივზე, ჩემს ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ. თუ მათ უნდათ აღტაცების წუთი დაუდგეთ, მათ ის თავად უნდა დაიყენონ, რადგან შეუძლიათ; თუ ქომაგებს უნდათ აღტაცების წუთი დაუდგეთ, მათ ის უნდა დაიყენონ, რადგან შეუძლიათ.

მთავარია ყურადღება არ მოვადუნოთ. იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ და შემდეგ აღტაცებულები გავაგრძელებთ შეჯიბრებას. მანამდე კი საჭირო რაოდენობის ქულები უნდა დავაგროვოთ.

ახლა მთავარი მომდევნო თამაშზე მობილიზებაა. ზეიმის დრო ჯგუფიდან გასვლის მერე დადგება. ერთი სიტყვით, ნუ ღელავთ — მე ყველას მიწაზე დავტოვებ.”

თუმცა შაბათს, ნორვეგიის დედაქალაქის ხვატში, კლარკის ტაქტიკურმა გადაადგილებებმა და შეცვლებმა სქოთებს სიხარულის რეალური საბაბი გაუჩინა — 0:1 ჩამორჩენა დიდებული გამარჯვებით შეცვალა. ეს შედეგი იმის წინაპირობაა, რომ შემდეგ ორ შეხვედრაში, საქართველოსა და კვიპროსთან გამარჯვების შემთხვევაში, შოტლანდიის ნაკრები ფლეი-ოფის გარეშე, პირდაპირ გავა ევროპის ჩემპიონატზე.

ოსლოდან შინისაკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ კლარკი გულშემატკივრებზეც ღელავდა. ის შფოთავდა, რომ „ტარტანის ლაშქარი” ზეიმის გასაგრძელებლად და ნაბახუსევზე გამოსასვლელად ნორვეგიაში დარჩებოდა, ეს კი ძვირი სიამოვნებაა. მან თქვა: „იმედი მაქვს, ისინი ბევრ ფულს არ გაფლანგავენ. ამაღამ წყნარად უნდა იყვნენ, რადგან ოსლო ლუდის სასმელად ძვირი ქალაქია.

ყველაფერი რაც ხდება ძალიან კარგია. თამაშის ბოლოს, როდესაც ბიჭებს გამხნევება სჭირდებოდათ, „ტარტანის ლაშქრის” ხმა ომახიანად ისმოდა ტრიბუნებიდან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც გვინდა მათთვის წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ გვინდა მთელი ქვეყნისთვის მივაღწიოთ წარმატებას. და ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ეს შეუძლიათ”.

კეით ჯექსონი, დეილირეკორდი