No description available.ევროპის საკლუბო სარაგბო სეზონს წერტილი შაბათ გვიან საღამოს დაესვა — დიდებულ „სტად დე ფრანსზე” „ტულუზმა” ევროპის ჩემპიონთა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულ „ლა როშელს” უდრამატულეს და უდაძაბულეს შეხვედრაში 29:26 მოუგო და საფრანგეთის 22-გზის ჩემპიონი გახდა!

No description available.პირველი ტაიმი ტულუზელებმა უკეთ ჩაატარეს და თითქოს კომფორტულად უნდა დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლო შეტევაში „ლა როშელმა” ლელო-გარდასახვის გატანა მოახერხა და გაათანაბრა — 13:13.

No description available.უფრო მეტიც, ევროპის საკლუბო ჩემპიონი 45-ეზე სულაც დაწინაურდა და 63-ე წუთამდე იგებდა. ეს „აიწონა-დაიწონა” ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. 71-ეზე „ლა როშელი” 26:22 იგებდა და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ანგარიშში ჩამორჩენილმა გუნდმა მეტოქის ჩათვლის მოედნის ოკუპირება მოახდინა, შედეგად კი 79-ე წუთზე ფრანგმა სუპერვარსკვლავმა რომენ ნტამაკმა ლელო გაიტანა და „ტულუზს” ჩემპიონის ტიტული დაუბრუნა.

No description available.როგორც ზემოთ ითქვა, ტულუზელებმა რიგით 22-ე ჩემპიონობა მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით უახლოეს მდევარ „სტად ფრანსეს” მთელი 8 ტიტულით უსწრებენ.

„ტულუზი” იმ უიშვიათეს ფრანგულ სარაგბო კლუბთაგანია, რომელშიც არცერთი ქართველი არ ირიცხება, ამდენად წლეულს ჩვენებური ჩემპიონი არ გვეყოლება. სამაგიეროდ, ფინალისტი გუნდის შემადგენლბაში აწ უკვე გასულ სეზონში 20 წლის ბურჯმა სანდრო ქუნთელიამ ითამაშა, ამდენად ვერცხლის მედალი მასაც ეკუთვნის.

 

ტოპ 14

სულ კი, ტოპ 14-ის გასულ სეზონში 21-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. მათგან ყველაზე მეტ, 23 მატჩში მონაწილეობა „სტად ფრანსეს” 27 წლის ბურჯმა გიორგი მელიქიძემ მიიღო. ყველაზე მეტი ლელო, ცხადია, დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა: „ლიონის” 20 წლის ვარსკვლავმა უკანახაზელმა 7 ლელო მიითვალა და ზედაც ქართველებისთვის ერთადერთი საჯარიმოც გაიტანა. არადა, ამ ყველაფრისთვის დათუნას მხოლოდ 12 მატჩი დაჭირდა და ტრავმა რომ არა, ის სრულიად ტოპ 14-ის მელელოვის ტიტულისთვისაც იბრძოლებდა.

ტოპ 14-ის გასული სეზონის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მორაგბე „სტად ფრანსეს” ბურჯი სერგო აბრამიშვილი (3 მატჩი) გახლდათ, ვინც 20 წლის მხოლოდ 20 ნოემბერს გახდება, ხოლო ყველაზე ასაკოვანი ლეგენდარული დუდუ ქუბრიაშვილი იყო – „კლერმონის” 36 წლის ბურჯმა 14 მატჩი ჩაატარა და სეზონის დასრულებისთანავე კარიერა დაასრულა.

ქვემოთ – ტოპ 14-ის ყველა ქართველის მოკლე სტატისტიკა:

ლა როშელი (1): ალექსანდრე ქუნთელია (8 მატჩი)

რასინგ-92 (2): გურამ გოგიჩაშვილი (18 მატჩი,1 ლელო), გია ხარაიშვილი (13 მატჩი, 1 ლელო)

ბორდო (1): ლექსო ყაულაშვილი (22 მატჩი, 2 სინბინი)

ლიონი (2): ბექა საღინაძე (18 მატჩი, 4 ლელო, 1 სინბინი), დავით ნინიაშვილი (12 მატჩი, 7 ლელო, 1 ჯარიმა)

სტად ფრანსე (3): გიორგი მელიქიძე (23 მატჩი, 3 ლელო, 1 სინბინი), ვასილ კაკოვინი (8 მატჩი), სერგო აბრამიშვილი (3 მატჩი)

ტულონი (1): ბექა გიგაშვილი (22 მატჩი, 5 ლელო)

ბაიონი (1): კონსტანტინე მიქაუტაძე (17 მატჩი, 2 სინბინი)

კასტრი (1): ლევან ჩილაჩავა (16 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი)

კლერმონი (2): დავით ქუბრიაშვილი (14 მატჩი, 2 სინბინი), გიორგი ძმანაშვილი (6 მატჩი)

მონპელიე (1): გელა აფრასიძე (11 მატჩი, 1 სინბინი)

პო (2): გურამ პაპიძე (22 მატჩი, 1 ლელო), ბექა გორგაძე (19 მატჩი, 5 ლელო)

პერპინიანი (1): გიორგი თეთრაშვილი (18 მატჩი)

ბრივი (3): ვანო კარკაძე (12 მატჩი, 1 ლელო, 1 სინბინი), ვასილ ლობჟანიძე (12 მატჩი, 2 ლელო), ლუკა ჯაფარიძე (2 მატჩი)

 

პრემიერშიპი

ინგლისის მთავარ სარაგბო ლიგაში ორმა ბორჯღალოსანმა იასპარეზა.

გიორგი კვესელაძემ „გლოსტერში” სეზონი საუცხოოდ დაიწყო, მაგრამ ტრავმა მიიღო, ხოლო ახლახან გაირკვა, რომ „გლოსტერი” დატოვა კიდეც.

ნიკა აბულაძე „ექსეტერს” სეზონის მიწურულს შეუერთდა და უმალ გახდა გუნდის სასტარტო მარცხენა ბურჯი, თუმცა ძირითადად ჩემპიონთა თასზე დაიტვირთა, სადაც „ექსეტერი” საკმაოდ შორს წავიდა.

ექსეტერი (1): ნიკა აბულაძე (2 მატჩი)

გლოსტერი (1): გიორგი კვესელაძე (6 მატჩი)

 

იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპი

ინტერნაციონალურ ლიგაში ერთადერთი ჩვენებური ასპარეზობს – ვახტანგ აბდალაძე. მას კარგი სეზონი ჰქონდა და უკეთესიც ექნებოდა, რომ არა ტრავმები. თანაც ირლანდიაში მცხოვრები აბდალაძე საქარველოს ნაკრებშიც მიიწვიეს და „ლენსტერში” მისი მხოლოდ 10 მატჩიც ამით აიხსნება.

ლენსტერი (1): ვახტანგ აბდალაძე (10 მატჩი, 1 ლელო).