მას მერე, რაც „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის საკითხი მოაგვარა (ლუჩანო სპალეტის ნაცვლად თანამდებობაზე რუდი გარსია დანიშნა) სატრანსფერო ბაზარზე გასვლისა და ახალი ფეხბურთელების ყიდვის დროც დადგა. რასაკვირველია, კლუბის უმთავრესი ამოცანა საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნებაა, მაგრამ ეს არ ეხება სამხრეთ კორეელ ცენტრალურ მცველ კიმ მინ-ჯაეს, რომელიც სადაცაა „პარტენოპეელებს” დატოვებს — მისი გადაბირებით „ბაიერნი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” არიან სერიოზულად დაინტერესებულები.
„აძური” კიმის შემცვლელს ეძებს და მიზანში რამდენიმე მცველი ჰყავს ამოღებული. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ „ატალანტას” ფეხბურთელი ჯორჯო სკალვინი. 2003 წელს დაბადებული სკალვინი იტალიისა და ევროპის საფეხბურთო სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ცენტრალურ მცველად ითვლება.
spazionapoli-თვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო დღეებში იტალიის ჩემპიონის წარმომადგენლები სკალვინის აგენტებს შეხვდნენ და მათ პირველი ინფორმაცია გაცვალეს. ამ ეტაპზე ორივე მხარემ იცის ვის რა სურს.
როგორც ირკვევა, დე ლაურენტისს სკალვინის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მოთხოვენ. კამპანიის დედაქალაქში ახლა ვარიანტებს ითვლიან.