ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ, სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები.
ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“.
შეგხსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.