ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის” ხელმძღვანელობას კრისტოფ გალტიეს მწვრთნელად დანიშვნა არ ურჩია. ეს ინფორმაცია იტალიურმა პორტალმა Foot Mercato-მ გაავრცელა. ცხადია, ლაპარაკია კულუარულ ამბავზე, თორემ ნიგერიელს ფრანგის წინააღმდეგ საჯაროდ არსად არაფერი უთქვამს.
მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. მას მერე, რაც გუნდი ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, მედიაში ათასი გვარი ტრიალებს. „აძურის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ახალ თავკაცს 27 ივნისამდე დანიშნავს. მან უკვე ბევრ კანდიდატთან მოსინჯა ნიადაგი. ბოლოს აქტიურად ლაპარაკობდნენ „სალერნიტანას” თავკაც პაულო სოუზაზე, მაგრამ პორტუგალიელს საძირკველი როგორც ჩანს მალევე გამოეცალა და საზოგადოების ყურადღება ფრანგ კრისტოფ გალტიეზე გადაერთო, რომელიც ოფიციალურად ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენს” უდგას სათავეში.
დადგა ზაფხული და ევროპაში სათადარიგოთა სკამების დიდი გადახლართვა დაიწყო. იმისთვის, რომ ყველაფერი დალაგდეს, ჯერ კიდევ რამდენიმე საკითხია გასარკვევი. ასე მაგალითად, იულიან ნაგელსმანი „ბაიერნისგან” უნდა გათავისუფლდეს. დიდი შანსია ის „პარი სენ ჟერმენმა” გამოისყიდოს. თავის მხრივ პარიზელები გალტიეს უნდა შეუთანხმდნენ საკომპენსაციო თანხაზე. ერთი სიტყვით, რაც უფრო მალე გაიხსნება ევრო-ხლართები, მით მალე გაეხსნება დე ლაურენტისს ხელ-ფეხი ფრანგის გადასაბირებლად, მაგრამ… ოსიმენს უთქვამს, გალტიეს მისტერის ადგილზე მოყვანა არ ივარგებსო. გალტიე და ოსიმენი ერთმანეთს კარგად იცნობენ. ისინი „ლილში” იყვნენ ერთდროულად.