სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა - ტაბულაიტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საფეხბურთო კლუბ „მონცას“ და „მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი იტალიელი ბიზნესმენის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სიცოცხლე დღეს, 2023 წლის 12 ივნისს დასრულდა.

წლეულს აპრილში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ  ბერლუსკონი ლეიკემიით იყო დაავადებული. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისა და სუნთქვის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი „მილანს“ 1986 წლიდან 2016 წლამდე ფლობდა, 2018 წლიდან კი „მონცას“. პოლიტიკოსი პარტია „წინ იტალიის“ ლიდერი გახლდათ და ასევე სამჯერ ეკავა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი (1994, 2001-2006 და 2008-2011 წლებში).