No description available.ტოპ 14-ის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩებში მაინცდამაინც დიდი ბრძოლა არ ყოფილა. ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა დიდი უპირატესობა ანგარიშში გარდასახეს და ფინალშიც გავიდნენ. მოსალოდნელიც იყო – „ტულუზმა“ და „ლა როშელმა“ რეგულარული სეზონი დიდი უპირატესობით პირველ-მეორე ადგილებზე დაასრულეს და ფინალშიც მათი ხილვის პროგნოზირება რთული არ ყოფილა.

ტულუზაში ჩასულ „რასინგ-92“-ს უბრალდ არაფრის შანსი ჰქონია. გურამ გოგიჩაშვილი პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთამდეც ითამაშა. როცა ბორჯღალოსანი ბურჯი მინდორს ტოვებდა, მისი გუნდი 0:20 მარცხდებოდა და ეს ვითარება მოგვიანებით უფრო მეტადაც დამძიმდა – 70-ე წუთისთვის ტაბლოზე 34:0 ენთო! ნახევარფინალში მეტოქეთა ძალებს შორის ამხელა სხვაობა უცნაურად კი გამოიყურება, მაგრამ „ტულუზი“ „რასინგზე“ ბევრად მაგარია და საბოლოო ანგარიშიც ამას ადასტურებს. 41:14 და „ტულუზი“ მორიგი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

მეორე ნახევარფინალი ატლანტიკისპირა ლა როშელში გაიმართა, სადაც ევროპის ბოლო ორი წლის საკლუბო ჩემპიონმა „ბორდოს“ უმასპინძლა. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში 54-ე წუთზე ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა.

No description available.მასპინძელთა უპირატესობა პირველ ტაიმში აქაც საგრძნობი იყო – ერთ გაშვებულ ჯარიმას მათ სამი გარდასახული ლელოთი უპასუხეს და პრინციპში, მატჩის ბედიც აქ გადაწყდა, ამდენად მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა – 24:13 და გაირკვა, რომ 17 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე საფრანგეთის მთავარ სპორტულ არენაზე, სენ-დენის „სტად დე ფრანსზე“ ტოპ 14-ის ფინალი გაიმართება: საფრანგეთის 21-გზის ჩემპიონი „ტულუზი“ ჩემპიონთა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული „ლა როშელის“ წინააღმდეგ, რომელსაც, სხვათა შორის, შიდა პიველობა არასდროს მოუგია.

„ლა როშელის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ალექსანდრე ქუნთელიას 8 მატჩი აქვს გამართული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, გუნდის ხელმძღვანელობამ 20 წლის ქართველს ფინალში თამაშის უფლება მისცენ. ასეა თუ ისე, თუ „ლა როშელი“ გაჩემპიონდება, ამ ტიტულის მფლობელი ახალგაზრდა ბირჯღალოსანიც გახდება. ამიტომ ვგუშემატკივრობთ „ლა როშელს“!