ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსის“ ნახევარფინალში კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა და 34-ედ გავიდა დიდი მუზარადის ფინალში. ეს რეკორდია!
მატჩი ორ ნაწილად უნდა დავყოთ – ალკარასის ტრავმამდე და ტრავმის შემდეგ: ორი სეტი თანაბარი იყო. პირველი სერბმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკის ხარჯზე მოიგო. ჯოკოვიჩმა ბრეიკი მეორე სეტშიც გაახერხა, მაგრამ თავად ორი გასცა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
მე-3 სეტის დასაწყისში ალკარასმა ფეხი დაიზიანა, თამაშის დარჩენილი ნაწილი კორტზე ტრავმიანმა გაატარა და წინააღმდეგობა რომ ვერ გაუწია, ანგარიშებიც მეტყველებს – ნოლემ დასკვნითი ნაწილი მარტივად მოიგო. ბრძოლა არ შედგა არც მეორე ნახევარფინალში, სადაც ნორვეგიელმა კასპერ რუდიმ სამ სეტში გერმანელი ალეკსანდრ ზვერევი დაამარცხა – 6:3; 6:4; 6:0.
ნორვეგიელი მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდა მეტოქეს და ფინალშიც დამსახურებულად გავიდა. ეს სკანდინავიელის მეორე ფინალია. რუდი შარშანაც იბრძოდა ტიტულისთვის, მაგრამ მაშინ რაფა ნადალთან დამარცხდა. ახლა მეტოქედ კიდევ ერთი ლეგენდა ეყოლება.
კიდევ ერთ რეკორდზე მიდის თავად ჯოკოვიჩი, რომელიც დღემდე ნადალთან ერთად დიდი მუზარადების ყველაზე მეტ ტიტულს ფლობენ – 22-22 გამარჯვება. თუ ნოლე ფინალში ნორვეგიელს დაამარცხებს, ტიტულების მხრივ პირველ ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდება.
ქალთა ფინალში კი, ჩეხი კაროლინა მუხოვა და პოლონელი ივო შვიატეკი ითამაშებენ. მუხოვამ სამსეტიან დაძაბული ბრძოლაში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ბელარუსი არიბა სობოლენკო დაამარცხა – 7:6; 6:7; 7:5. ანგარიშებიდანაც ჩანს, როგორი ბრძოლა იყო, სადაც ფინალის საგზური ჩეხს დარჩა. რეიტინგის ლიდერ იგა შვიატეკს კი, ბევრად იოლი მატჩი გამოუვიდა. პოლონელმა პირველი სეტი მარტივად მოიგო – 6:2. აი, მეორეში ცოტა გაუჭირდა, მაგრამ საქმე ფინალამდე მაინც მიიყვანა – 7:6.