Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli, Manolo Gabbiadini of UC Sampdoria battle for the ball during the Serie A match between SSC Napoli and UC...„ნაპოლიმ” ისტორიაში მესამე სკუდეტო მოიგო. კამპანიის დედაქალაქის გუნდს „სამპდორიასთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გადასცეს იტალიის ჩემპიონის თასი. სერია A-ს მიერ 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი DAZN-ს ინტერვიუ მისცა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს. ღრმად მწამს, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მარტო მე არ ვიმსახურებ. თანაგუნდელების გარეშე მას ვერასოდეს მოვიგებდი. მათი დახმარებით საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და უკეთ ვთამაშობდი.

სეზონის საუკეთესო ეპიზოდი? ბევრი დაუვიწყარი რამ მოხდა უდინეში, სადაც სკუდეტო მოვიპოვეთ. მწამს, ეს მომავალი წარმატებებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი იყო.

ჩემს მხარდასაჭერად ბევრი ქართველი ჩამოდიოდა? მათ მხოლოდ მე კი არ ვუყვარვარ, ნეაპოლი შეუყვარდათ. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

ვგრძნობ თუ არა თავს ლიდერად? ამ გუნდს ბევრი ლიდერი ჰყავს, ოსიმენიდან დი ლორენცომდე.

მომავალს იმედით ვუყურებ. მე მიყვარს ნეაპოლი”.