No description available.მილეული სარაგბო საკლუბო სეზონი ფინიშზე ერთობ არეულად მივიდა. აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ ინგლისში, იუნაიტედ ჩემპიონშიპში და პრო დ2-ში პლეი-ოფის ფინალები გაიმართა და ჩემპიონებიც გამოვლინდნენ. აი ევროპის უძლიერეს ლიგა ტოპ 14-ში კი გასულ კვირას რეგულარული სეზონის ბოლო ტური შედგა და პლეი-ოფი კი მომავალ უქმეებზე დაიწყება.

ტოპ 14

საფრანგეთის მთავარი ლიგის რეგულარული სეზონი „ტულუზმა“ მოიგო, რომელმაც ბოლო ტურში „ბრივი“ 54:10 გაანადგურა და პლეი-ოფის მეტოქეს 2 კვირა დაელოდება. „ბრივში“  პირველიდან 46-ე წუთამდე ვასილ ლობჟანიძემ ითამაშა, მომავალ სეზონს კი, ვასკა, ვანო კარკაძე და ლუკა ჯაფარიძე პრო დ2-ში გაატარებენ, თუ, ცხადია, კლუბს არ შეიცვლიან.

„ტულუზის“ მსგავსი კომფორტული მდგომარეობა მეორე ადგილზე გასულმა „ლა როშელმაც“ შეიქმნა. სულ ახლახან ევროპის ჩემპიონობის ზედიზედ მეორედ მომპოვებელმა გუნდმა „სტად ფრანსეს“ დაძაბულ ბრძოლაში 14:10 სძლია. ოკეანისპირელთა სასტარტოში ალექსანდრე ქუნთელია გამოჩნდა, რომელმაც 53-ე წუთამდე ითამაშა და ტრავმირებული თანაამპლუელი ბოლო 5 წუთითაც ჩაანაცვლა. პარიზელთა სასტარტოში კი ვეტერანი ვასილ კაკოვინი იყო, ვინც 57-ე წუთამდე ითამაშა და სწორედ სანდრო ქუნთელიას სიმძლავრეს აკავებდა. გიორგი მელიქიძე კი სტუმართა შორის 47-ეზე გამოჩნდა.

No description available.„სტად ფრანსემ“ ტურნირი მეოთხე საფეხურზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ წრეში თანაქალაქელ „რასინგ-92“-ს უმასპინძლებს, რომელიც დასკვნით ტურში უქართველებოდ კლერმონში დამარცხდა – 23:32. „ვულკანების“ მარქაფაში დისკვალიფიცირებული დუდუ ქუბრიაშვილის ადგილი გიორგი ძმანაშვილმა დაიკავა, რომელმაც ბოლო 5 წუთი ითამაშა.

მესამეზე კი „ლიონი“ გავიდა, რომელმაც „ბაიონის“ წინააღმდეგ უმძლავრესად ითამაშა და 54:10 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 80-ვე წუთი ბექა საღინაძემ ჩაატარა, ხოლო სტუმართა შორის ასევე შეუცვლელად კოტე მიქაუტაძემ იასპარეზა.

პლეი-ოფის  პირველ წრეში ლიონელები „ბორდოს“ მიიღებენ, რომელმაც ფინიშზე ჩელენჯ კაპის ახალ მფლობელ „ტულონთან“ ვერაფერი გააწყო და 19:35 წააგო. ტულონელთა სასტარტოში, რასაკვირველია, ბექა გიგაშვილი იყო, რომელმაც თამაშის ანგარიში გახსნა კიდეც – მე-8 წუთზე მან სეზონში თავისი მე5 ლელო მიითვალა, თანაც ამისთვის 22 მატჩის ჩატარება მოუხდა. სულ კი ბორჯღალოსანი ბურჯის ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატში გამართულ 88 მატჩში 8 ლელოა. „ტულონი“ პლეი-ოფს მიღმა დარჩა, თუმცა, როგორც რანგით მეორე ევროთასის მფლობელი, მომავალ სეზონში ჩემპიონთა თასზე ითამაშებს.

„პომ“ „მონპელიეს“ ბონუსით, 35:10 მოუგო, გურამ პაპიძემ პირველი ტაიმი ითამაშა, ბექა გორგაძემ – 76 წუთი.

ეს იყო და ეს, პლეი-ოფი კი დამდეგ უქმეებზე დაიწყება.

No description available.პრო დ2

ფინალში „ოიონაქსმა“ „გრენობლს“ 14:3 მოუგო და მომავალ სეზონში ტოპ 14-ში ითამაშებს.“გრენობლი“ კი გადასასვლელ პლეი-ოფში ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასულ „პერპინიანს“ გაეჯიბრება. გრენობლელთა სასტარტოში ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური იყვნენ. ორივე ჩვენებური 51-ე წუთზე შეცვალეს.

ნასიონალი

ამ ლიგიდან პრო დ2-ში დაწინაურებულების ვინაობა ცნობილი იყო, გასარკვევი მხოლოდ ჩემპიონის ვინაობა რჩებოდა და ამ ტიტულს იოანე იაშაღაშვილის „ვალანს რომანი“ დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეთ მატჩში „დაქსს“ 26:19 მოუგო, ხოლო იომ შეუცვლელად ითამაშა.

პრემიერშიპი

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ლონდონის „სარასენსმა“ ინგლისის ჩემპიონობა დაიბრუნა – ფინალში თანაქალაქელ „სეილ შარქსს“ 35:25 აჯობა.

იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპი.

ამ ლიგას კი მოულოდნელი ჩემპიონი ჰყავს – ირლანდიურმა „მანსტერმა“ ნახევარფინალში „ლენსტერი“ ხომ წააქცია, ფინალში კი, ფავორიტად მიჩნეული სამხრეთაფრიკული „სთორმერსიც“ მის გზას გაუყენა – 19:14.