„ცხოვრების მატჩები”, — ასე უწოდა „ესპანიოლის” 22 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ნიკო მელამედმა ლა ლიგის ბოლო ორ ტურს: კვირას, „მესტალიაზე”, „ვალენსიასთან” შეხვედრას და 4 ივნისს „ალმერიას” მასპინძლობას. მართალია გუშინ ბარსელონელებმა შინ, „ატლეტიკოსთან”, ბოლო 25 წუთში 0:3 შემოატრიალეს, მაგრამ ვერ მოიგეს და ამიტომ მარტო თავიანთ თავზე არ არიან დამოკიდებულები. მეორე მხრივ, „მატრასების მკერავებთან” ასეთი ჩამორჩენის გამოსწორება ხუმრობა საქმე არ არის — იმედისმომცემია.
„მესტალია” „ესპანიოლისთვის” საბედისწერო ადგილია. 2000 წელს სწორედ აქ, ვალენსიას სტადიონზე გაიმართა „სამეფო თასის” ფინალი, რომელიც „ესპანიოლმა” „ატლეტიკოს” 2:1 მოუგო და სამოცწლიანი ხელმოცარვის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ ჯილდოს დაეუფლა. და აი, კვირას კვლავ „მესტალია” — მორიგი საბედისწერო მატჩი მასპინძლებთან, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან”. ბარსელონელებს ამ შეხვედრაში მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს. ფრე, — წაგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, — „ესპანიოლს” შესაძლოა ლა ლიგად დაუჯდეს. გააჩნია სხვები რას იზამენ.
ეს შეხვედრა „ღამურებისთვისაც” უკიდურესად მნიშვნელოვანია. მათ მალიორკაზე 0:1 წაგებით მდგომარეობა გაირთულეს. არადა, შეეძლოთ თავი ქუდში ჰქონოდათ. ვალენსიელებზე, სავარაუდოდ, იმ სკანდალმა იმოქმედა, წინა ტურში, „რეალთან” შეხვედრის დროს ვინისიუსის რასისტულმა შეურაცხყოფამ რომ გამოიწვია. და კიდევ, ვინ იცის „ჩეები” გულის სიღრმეში ფიქრობენ, რომ რაკი ბოლო შეხვედრა უმოტივაციო „ბეტისთან” აქვთ, გადარჩენისთვის საჭირო ქულებს მაინც დააგროვებენ.
სადღეისოდ ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ელჩე” გავარდნილია და თავი დავანებოთ. „ესპანიოლს”, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, 35 ქულა აქვს. „ვალიადოლიდს”, „კადისსა” და „ხეტაფეს” — 38, „ალმერიას” — 39, ხოლო „ „სელტას” და ვალენსიას” — 40. ლიგიდან სამი გუნდი ვარდება.
ვარიანტი, როგორც ხედავთ ბევრია. კვირას „ვალენსიასა” და „ესპანიოლის” გარდა ჩამოთვლილთაგან სხვა გუნდებიც ხვდებიან ერთმანეთს: „კადისი” „სელტას” მასპინძლობს, „ალმერია” „ვალიადოლიდს”.
ბოლო ტურში კი „ესპანიოლი” „ალმერიას” ხვდება, ხოლო „ვალიადოლიდი” „ხეტაფეს”.